Naec-ის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. Naec-ის პრესსამსახურის ცნობით, გორგოძემ პირადი განცხადებით ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება 2024 წლის პირველი იანვრიდან.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის გადადგომა PISA-ს კვლევებს უკავშირდება.

თავად სოფო გორგოძემ „ნეტგაზეთის“ ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. მოგვიანებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე გავრცელდა განცხადებას, სადაც სოფო გორგოძე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1-ლი იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა“,
— აცხადებს გორგოძე და დასძენს, რომ მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გააგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში.


მოსწავლეთა შეფასების სისტემის [PISA] 2022 წლის კვლევაში ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და კითხვა/წაკითხულის გააზრებაში 8 და 6 ქულით გაუარესდა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 1 ქულით გაუმჯობესდა.

PISA 2022-ს შედეგების მიხედვით, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიის ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში 15 წლის მოსწავლეთა 13%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები