უახლოეს მომავალში დავიწყებთ დირექტორთა ახალ კონკურსებს, იანვარ-თებერვალზეა საუბარი - მინისტრი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, 1000-ზე მეტ სკოლაში სკოლის დირექტორთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, საუბარია 2024 წლის იანვრ-თებერვლზე.

ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

დირექტორთა კონკურსის მონაწილეები, რომლებიც სამინისტროსთან პერმანენტულ აქციებს მართავდნენ სამინისტროსგან მოითხოვენ, დაკონკრეტდეს დირექტორთა ახალი კონკურსის გამართვის თარიღი და ასევე დააზუსტოს, როგორ გეგმავს კონკურსის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

დირექტორთა კონკურსის კანდიდატები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სკოლებში დირექტორთა წარდგენის წესის შეცვლას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით განცხადება 19 ორგანიზაციამ 6 დეკემბერს გაავრცელა.

ორგანიზაციები მოითხოვენ, შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და შეიქმნას, სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში გაიმართება დირექტორების კონკურსი.

„1000-ზე მეტ სკოლაში არჩევნები ვერ შედგა, ფიზიკურად კანდიდატები არ არსებობდა. მინისტრს კანონით აქვს დისკრეციის უფლება ნებისმიერ სკოლაში, კომისიის დასკვნის საფუძველზე, დანიშნოს ესა თუ ის დირექტორი. არცერთი დისკრეცია არ გამომიყენებია და ამას ვაკეთებ მიზანმიმართულად, ვინაიდან დავიწყეთ სკოლის ავტონომიაზე ზრუნვა, დამოუკიდებელი უფლებების დელეგირებაზე და მინდა, სასკოლო საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს ვინ იყოს მისი დირექტორი. წარდგენილი კანდიდატების 92%-ში, სკოლის სამეურვეო საბჭოებმა თავად გადაწყვიტეს, ვინ უნდა ყოფილიყო მათი დირექტორი.

სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისგან და მასწავლებლებისგან. თუ ჩვენ წარვუდგინეთ ისეთი კანდიდატი, რომელიც სკოლისთვის მოსაწონი არ იყო, მაშინ უბრალოდ არ აირჩევდნენ, იყო ასეთი შემთხვევებიც 8%-ში. შემეძლო ბრძანება დამეწერა, ის 8% განმეწესებინა თავის ადგილას, მე ეს მიზანმიმართულად არ გავაკეთე, ვინაიდან როგორც ჩანს, სამეურვეო საბჭოს ეს კანდიდატები არ მოეწონა, ამიტომ არ მინდოდა ჩემი კანონიერი უფლება მომეხვია სკოლისთვის თავს“,
- განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრმა თქვა, რომ კონკურსი წინაზე უკეთესი წესით ჩატარდება და ამისთვის სამინისტრო ახლა მუშაობს.

„შესაბამისად, პასუხი არის მარტივი: სამინისტრო მუშაობს ახალ, დახვეწილ მექანიზმებზე და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ახალი კონკურსი და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც აქვს ან არ აქვს სერტიფიცირება და სურვილი აქვს, რომ მოიპოვოს, მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღ, ობიექტურ კონკურსში, რომელიც უკეთესი წესით ჩატარდება და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, რომ დავხვეწოთ ის გამოცდილება, ის პროცედურები, რომელიც შესაძლოა, გაუმჯობესებას საჭიროებს და გამოცდილებამ ეს მოგვიტანა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები