რუსეთში სასწავლებლად რეგისტრაცია ისევ გადავადდა - სარეკლამო რგოლში ქართველი სტუდენტები აალაპარაკეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად რეგისტრაციის ვადა ზედიზედ მესამედ გახანგრძლივდა. ინფორაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის facebook-გვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, თავიდან განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2023 წლის 1-ლი ნოემბერი სახელდებოდა, რაც 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. თუმცა 15 დეკემბრის შემდეგ რეგისტრაციის ვადა ჯერ გასული წლის ბოლომდე, ამჯერად კი მიმდინარე წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა.

ამასთან, ფედერაციის ინტერესების სექცია „რუსეთში უფასო სწავლისთვის“ ქართველი სტუდენტების მისაზიდად facebook-გვერდზე ორ ქართულენოვან ვიდეორგოლს ავრცელებს. აქედან ერთი განაცხადის შევსების ინსტრუქცია, მეორე კი იმის დემონტრირებაა, რომ მსურველებისთვის რუსეთში სწავლა „მართლაც უფასოა.“ ამჯერად ავტორებმა სარეკლამო რგოლში საქართვეელოს მოქალაქე სტუდენტებიც გამოაჩინეს, რომლებიც რუსეთში რამდენიმე წელია, სწავლობენ.

კერძოდ, რუსეთის პიროგოვის სახელობის ნაციონალური კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 27 წლის თბილისელი, ვახტანგ ბეგიაშვილი მშობლიურ ენაზე აცხადებს, რომ მოსკოვში, ქირურგიის ორდინატურის პროგრამით 2020 წელს ჩააბარა, სადაც სწავლა სრულად დაუფინანსდა და ყოველთვიური სტიპენდიაც დაენიშნა. ასევე, 18 წლის ნინოწმინდელი, მანანა გაბოიანი ამჯერად რუსულ ენაზე საუბრობს, რომ ექიმად გახდომის ოცნება „მოსკოვში აუხდა,“ სადაც სეჩენოვის სახელობის პირველ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე უფასოდ ჩაირიცხა და სტიპენდიაც დაენიშნა. ვიდოერგოლის მესამე მონაწილე რუსეთის ერთა მეგობრობის უნივერსიტეტის სტუდენტი, შამილ ალიევია, რომელიც ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურიდანაა. ისიც რუსულ ენაზე ამბობს, რომ 25 წლისაა და რუსეთში უკვე 5 წელია, საბიუჯეტო კვოტით სწავლობს.

„მე აქ ძალიან მომწონს,“ - ამბობს შამილ ალიევი, რის შემდეგაც ვიდეორგოლში ჩნდება წარწერა: „როგორც ხედავთ, რუსეთში მართლაც სწავლობენ უფასოდ.“

რუსეთის ინტერესების სექცია ირწმუნება, რომ ყოველ წელს რუსეთში საქართველოდან სულ უფრო მეტი სტუდენტი ჩადის, თუმცა წლევანდელი განაცხადების რაოდენობას ჯერ არ ასაჯაროვებს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ სექციის მიერ ოქტომბერში გავრცელებული სტატისტიკა, რომ 2024-25 სასწავლო წელს რუსულ უნივერსიტეტებში ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვოტით ჩასარიცხად საქართველოდან განაცხადი 100-მდე აბიტურიენტმა წარადგინა, ხოლო კვოტა 200 ადგილს შეადგენს.

სექციის ცნობით რუსეთის მთავრობა უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების რაოდენობას ყოველწლიურად ზრდის. მაგალითად, 2023 წელს მათ მთლიანობაში 30 ათასი უფასო ადგილი ერგოთ.

საქართველოდან აბიტურიენტებს რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტს შორის სთავაზობენ არჩევანს. თუმცა ამ ჩამონათვალში არ შედის ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.

ამასთან, რუსეთის ინტერესების სექცია დასძენს, რომ ნებისმიერ უცხოელ სტუდენტს უფლება აქვს, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ მოეწყოს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები