საქართველოს უახლესი ისტორია - რა (არ) იციან არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეებმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 65 არაქართულენოვან სკოლაში განახლდა ისტორიის სახელმძღვანელოები, სადაც სასწავლო პროგრამის რამდენიმე თავი საქართველოს უახლოეს ისტორიას, მათ შორის აფხაზეთის ომსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი კონფლიქტებს დაეთომო.

საგნის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლას მეტი ყურადღება ეთმობა.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

მარნეულის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვან სკოლებში საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ კონფლიქტებზე თითქმის არაფერი ისწავლებოდა და მოსწავლეებმა მეტი იცოდნენ აზერბიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებაზე, ვიდრე აფხაზეთსა და ცხინვალზე.

რა არის პრობლემა?

• სახელმძღვანელოები გაუმჯობესდა, მეთოდოლოგია იგივე რჩება
• პედაგოგები არ არიან გადამზადებული
• ენობრივი ბარიერი

ნაშირ ორდუხანოვმა სკოლა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაამთავრა, როდესაც საქრთველოს უახლოესი ისტორიის შესახებ მაღალი კლასის წიგნებში თითქმის არაფერი ეწერა. “2008 წლის აგვისტოს ომზე წარმოდგენა სტუდენტობისას შემექმნაო“ - ამბობს ნაშირი.





“ჩვენს რეგიონში ვკითხოთ ადამიანებს ვინაა ნოე ჟორდანია. ალბათ, 99%-მა არ იცის. შესაბამისად კარგად ჩანს რომ განათლების სისტემაში გვაქვს პრობლემა. მე მახსოვს, მეხუთე კლასში გვქონდა საქართველოს ისტორიის წიგნი, რომელიც მართლა კარგი იყო ინფორმაციული თვალსაზრისით, მაგრამ მაღალი კლასის წიგნებში არაფერი იყო ჩაწერილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“

ნაშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს უახლოესი ისტორიის შესახებ ინფორმაციის არქონა, ენობრივი ბარიერის პრობლემაცაა - „ ამიტომაც მოსწავლეებისათვის მეზობელი ქვეყნის კონფლიქტები უფრო ახლოსაა ვიდრე თავიანთი ქვეყნისო“.

„ვამბობთ ხოლმე, რატომ საუბრობენ სულ მაგალითად ყარაბაღის ომზე და არა აფხაზეთზე. იმიტომ, რომ ადამიანები, ვინც ქართული არ იცის უყურებენ უცხოენოვან, აზერბაიჯანულ არხებს და იქ, ცხადია, ყარაბაღის ომი ესმით. აფხაზეთზე საერთოდ დიალოგი არ არის. ისევ სკოლებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ სკოლებში დეტალურად იყოს ინფორმაცია საქართველოს უახლოეს ისტორიაზე, მათ შორის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არაქართულენოვან სკოლებში.“

ფერიზე ნაბიევამ სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალში, ოთხი წლის წინ დაასრულა. ამბობს, რომ საქართველოს უახლოესი ისტორიის შესწავლა კლასგარეშედ, სტუდენტობის პერიოდში დაიწყო.



აითაჯ ხალილმა სკოლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაამთავრა. არც მას ახსენდება მოსწავლეობის პერიოდში საქართველოს უახლოესი ისტორია სიღრმისეულად ესწავლოს.



ეს პრობლემები საზღვრისპირა სოფლებში უფრო შემჩნევა. ამ ყველაფერს ყველაზე კარგად ჩასული პედაგოგები ამჩნევენ, ისეთები, ვინც მოსწავლეების სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ზრუნავენ და ცდილობენ, მათი საგნის გარდა მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრონ, როგორიც საქართველოს ისტორიაა.


გამოცდილებების გასაზიარებლად ორ პედაგოგს ვესაუბრეთ.მათ ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, რადგან “არ უნდოდათ, პრობლემები შექმნოდათ“

„გაოცებული ვარ. არ ვიცი, ბავშვები არ სწავლობენ ისტორიას, მასწავლებლები არ ასწავლიან, თუ წიგნებში საერთოდ არ არის.“ - ამბობს იამზე მასწავლებელი (სახელი შეცვლილია), რომელიც ქართულ ენას მარნეულში 6 წელია ასწავლის.

„პირველივე დღიდან, როდესაც ვიკითხე, ბავშვებმა არაფერი იცოდნენ აფხაზეთის შესახებ. ყოველ წელს მიწევს იმის გამეორება, რომ აფხაზეთი იყო ჩვენი ნაწილი.“

იმავეს ამბობს, მარნეულის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი გიორგიც (სახელი შეცვლილია). ის მარნეულში ქართული ენის სწავლების პროგრამით ჩამოვიდა და ცდილობს სახელმწიფო ენის გარდა მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაზეც მიაწოდოს ინფორმაცია.

„სიმართლე გითხრათ ეს სიტუაცია (როცა მეზობელი ქვეყნის კონფლიქტი უფრო ახლოსაა, ვიდრე საკუთარი) დაუკვირვებლადაც იკვეთება არა მარტო მოსწავლეებში, არამედ მოსახლეობაშიც. ჩვენ, ქართული ენის მასწავლებლები, ხშირად ვცდილობთ და ვაკეთებთ ხოლმე აქტივობებს 27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემის დღეს, 8 აგვისტოზეც ვსაუბრობთ. გარდა ამისა, მე თვითონ მყავდა მოსწავლეები ისტორიის კონკურსში ჩართული. ვერ ვიტყვი, რომ სახარბიელო შედეგი გვქონდა, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ის, რომ მოსწავლეები მეტად დაინტერესდნენ საქართველოს ისტორიით“

ახალი სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორი, ისტორიკოსი თემურ შალამბერიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მასწავლებლების კომპეტენციაა. ის ისტორიას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეურარხის სკოლაში ასწავლის. ახალი სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორია. ამბობს, რომ ძველ წიგნებში საქართველოს უახლოესი ისტორიის შესწავლას ბოლო თავები ეთმობოდა, რის გამოც ხშირად ვერ ასწრებდნენ პედაგოგები პროგრამის ათვისებას, თუმცა არ უნდა გავექცეთ პრობლემას, რომელიც მასწავლებელთა კომპეტენციას უსვამს ხაზს.

ქვემო ქართლის სკოლებში, სადაც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები ერთ სკოლაში სწავლობენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისტორიის სწორად სწავლებაო, ამბობს თემურ შალამბერიძე.

„ისეთ სოფელში სადაც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვებიერთ კლასში სწავლობენ,განსაკუთრებით საჭიროა ერთიანი იდენტობის ჩამოყალიბება. შესაბამისად იმ თემას ვუბრუნდებით, რომ საჭიროა მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლება და აგრეთვე უნდა არსებობდეს გაცვლითი პროგრამები გამოცდილებისთვის“

ისტორიკოსი ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა პედაგოგთა გადამზადება და ახალი მეთოდოლოგიების გაზიარებაა.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიცმასწავლებელთა გადამზადებაზე მუშაობს, კავკასიური სახლია. ორგანიზაციის მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო აბრამაშილი ამბობს, რომ მათ აქვთ პროექტები, რომლის ფარგლებშიც არაფორმალური გზით ცდილობენ მოსწავლეების და მასწავლებლების ისტორიაში გადამზადებას.

„ცხადია, დიდი პრობლემაა მასწავლებლების კომპეტენციის და მეთოდოლოგიის კუთხით, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხები ასწავლონ. მიაწოდონ ინფორმაცია ისე, რომ ეს კონფლიქტი უარესად არ გაღვივდეს და მოსწავლეს მიეცეს საშუალება თვითონ მივიდეს დასკვნებამდე, ან თვითონ დასვას კითხვები.“ - ამბობს აბრამიშვილი

"კავკასიური სახლის“ 2021 წლის კვლევის მიხედვით, ეთნიკურად ქართველ ახალგაზრდებს თითქმის 2-ჯერ მეტად აინტერესებთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული მიმდინარე კონფლიქტები, ვიდრე მათს ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ თანატოლებს.

„ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არ აღიქვამენ მათ კონფლიქტად, საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად.“ -
ამბობს კავკასიური სახლის მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი.

ვანო აბრამაშვილის თქმით, მათი ორგანიზაცია სამომავლოდ გეგმავს მარნეულში აქტიურად იმუშაოს ეთნიკურ უმცირესობებთან კონფლიქტების საკითხებზე. სურთ, რომ არაფორმალური განათლება ფორმალურით შეიცვალოს. სწორედ ამ მიზნით მუშაობენ საქართველოს განათლების სამინისტროსთან და პარლამენტის განათლების კომიტეტთან, რათა დასახონ გეგმა როგორ შეიძლება სიღრმისეულად ისწავლებოდეს სკოლებში კონფლიქტების თემატიკა.

სკოლებში მასწავლებელთა გადამზადების და საქართველოს უახლოესი ისტორიის სიღრმისეულად სწავლების დანერგვამდე რჩება მოცემულობა, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების ნაწილი საქართველოს უახლოესი ისტორიის შესახებ ინფორმაციას კლასგარეშედ სწავლობს. კვლევებისა და საინფორმაციო კამპანიების არარსებობის გამო კი უცნობი რჩება, თუ რამდენად საფუძვლიანად იციან ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ომების შესახებ ინფორმაცია.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები