პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,
რომ ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე
რეჟიმში წელსვე დაიწყება.
კობახიძის თქმით, წელს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უნივერსიტეტების სულ
მცირე, ორი-სამი ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხთვიანი
ანაზღაურებადი სტაჟირება სახელმწიფო სტრუქტურებში.
„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან
თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება,
მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.
მინდა, ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან
კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინონ
დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები
გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში,
ისე მუნიციპალიტეტებში, ასევე თანამშრომლობის საფუძველზე კერძო
სექტორში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.