რა სერვისის მიღება შეგიძლიათ მარნეულის ამერიკულ კუთხეში - ინტერვიუ ცენტრის კოორდინატორთან
უკვე 10 თვეა რაც მარნეულში ამერიკული კუთხე გაიხსნა. ამერიკული კუთხე მცირე, ამერიკული სტილის, საზოგადოებრივი ცენრია, რომელიც მარნეულში ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული. ამერიკული კუთხის ძირითადი მიზანია მხარი შეუწყოს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგებას, რისთვისაც სხვადასხვა სახის აქტივობები ხორციელდება.

ინგლისურენოვანი სპიკერები, ინგლისური ენის კურსები, ამერიკული ფილმების ჩვენება, წიგნისა და კითხვის კლუბები - ეს ის ძირითადი სერვისებია, რომელიც საქართველოს მასშტაბით გახნილ ყველა ამერიკულ კუთხეში შეიძლება მოქალაქემ მიიღოს. გარდა ამისა მარნეულის ამერიკული კუთხე ადგილობრივებს განსხვავებულ სერვისებსაც სთავაზობს რასთან დაკავშირებითაც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამერიკული კუთხის კოორდინატორი მელექ გულიევა საუბრობს.

„მარნეულის ამერიკული კუთხე უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და აქამდე საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული. ზაფხულში გვქონდა ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა და სხვადასხვა პროგრამები. ამჟამად უკვე დავასრულეთ ინგლისური ენის სამ თვიანი კურსი და სამწუხაროდ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ახალი კურსი ვერ დავიწყეთ, თუმცა გვაქვს აქტიური ინგლისურენოვანი ონლაინ სასაუბრო კლუბი. კვირაში ერთხელ ახალგაზრდები ერთვებიან ზუმის პლატფორმით და ჩვენს ამერიკელ მოხალისესთან ერთად სხვადასხვა თემებს განიხილავენ, რისი მიზანიცაა სასაუბრო ინგლისური ენის განვითარება“.

ინგლისურენოვან ონლაინ სასაუბრო კლუბში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მოქალაქეებმა კურსებზე დასასწრებად მარნეულის ამერიკულ კუთხეს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით უნდა მიმართოს ან მივიდეს თავად ამერიკულ კუთხეში, რომელიც მარნეულის ბიბლიოთეკის მეორე სართულზეა განთავსებული. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მელექ გულიევა აცხადებს, რომ ონლაინ სასაუბრო კლუბში მონაწილეობის ერთადერთი წინაპირობა ინგლისურის საბაზისო ცოდნაა.

„გარდა ამისა, გვაქვს ხელნაკეთი თოჯინების კურსი, რომელიც არის კულტურის ცენტრისა და ამერიკული კუთხის ერთობლივი პროექტი. კვირაში ერთხელ გვაქვს ხოლმე ეს კურსი, გვყავს მასწავლებელი რომელიც ბავშვებს ასწავლის ორიგინალური სათამაშოების დამზადებას რაც ძალიან საინტერესოა მათთვის. ასევე, უკვე ვასრულებთ მედიაწიგნიერების შესახებ სიანტერესო პროექტს, რომელმაც ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ხუთშაბათს უკვე რუსთავში გვექნება ვიზიტი, რომ ვნახოთ ადგილობრივი მედიაორგანიზაციები, ხოლო შემდეგ მოხდება სერტიფიკატების გადაცემა“.

ხელნაკეთი თოჯინების კურსში ხუთი ბავშვი მონაწილეობს. როგორც გულიევა აცხადებს, თითოეულ ბავშვთან მასწავლებელს დიდი დროის გატარება უწევს, რის გამოც ბენეფიციარების რაოდენობა შეზღუდულია. მარნეულის ამერიკულმა კუთხემ ახლახან დაიწყო კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ქალთა გაძლიერებას გულისხმობს. ადგილობრივი ქალებისათვის გაიმართება ტრენინგების სერია ისეთ თემებზე როგორიცაა შიში და მისი დაძლევის გზები, პროფესიული ორიენტაცია და ა.შ.

„ძირითადად ინტერესი და მოთხოვნა არის ინგლისური ენის კურსებზე, რამდენიმე დღის წინ ასევე თოჯინების კურსითაც დაინტერესდნენ, ჩვენი პროექტებითაც ინტერესდებიან, თუმცა მე ვცდილობ რომ მათ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდო რომ აქ ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს, როგორიცაა წიგნები, კომპიუტერები, ასევე გვაქვს თამაშის დღეები და გვაქვს არაერთი სამაგიდო თამაში რომელიც თამაშით სწავლაზეა და არაფორმალურ განათლებაზეა ორიენტირებული და ასევე მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შეუძლიათ წინასწარი შეთანხმების შემდგომ მობრძანდნენ თუნდაც სამეგობრო წრესთან ერთად და გამოიყენონ ჩვენი სივრცე“.

მელექ გულიევა მარნეულეებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამერიკული კუთხის მიერ განხორციელებულ პროექტებში და სერვისებში. გულიევა აცხადებს, რომ გარკვეული პროექტების განხორციელებაში ხელი კორონავირუსის გავრცელებამაც შეუშალათ, რადგან ამერიკული კუთხე რამდენჯერმე Covid-ის გაზრდილი მაჩვენებლის გამო დაიხურა.

გარდა ადგილზე მისვლისა და ამერიკული კუთხის კოორდინატორთან გასუბრებისა მარნეულელებს ამერიკული კუთხის აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა ცენტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის American Corner Marneuli-ის მეშვეობითაც შეუძლიათ.

რადიო „მარნეული“

გარეკანის ფოტო: მარნეულის ამერიკული კუთხის ფეისბუქ გვერდიდან

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები