მინისტრს ეძლევა ერთპიროვნულად, უარგუმენტოდ, მოქმედების საშუალება - დმანისი თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ჩაშლილ კონკურსზე
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი გააუქმა და ხელმძღვანელად პირდაპირი წესით გიორგი სიხარულიძე დანიშნა.

დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. მასში განაცხადი მხოლოდ ერთმა პირმა, თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა შეიტანა, მაგრამ მინისტრმა კონკურსი გუშინ, 8 თებერვალს ჩაშალა, ჩხვიმიანის ადგილას კი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნა.

თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა თუ ახალადდანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელის მსგავსი გამოცდილი პიროვნება დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობას მოისურვებდა, მიეღო კონკურსში მონაწილეობა და დანიშნულიყო კონკურსის შედეგად, მაგრამ ამ შემთხვევაში თვლის, რომ მოვლენები არასამართლიანად და უნამუსოდ განვითარდა.

„როცა კონკურსში მონაწილეობას იღებ ამასაც უშვებ, რომ სხვამაც შეიძლება გაიმარჯვოს და მე მზად ვიყავი მორალურად, რომ ვიღაცას დავხვედროდი და სიხარულით და სიყვარულით გადამებარებინა მისთვის დმანისელი ხალხის სამსახური, მაგრამ როცა ასე ხდება ვერც მის მიმართ გამოვიჩენ პატივისცემას. ამხელა გამოცდილების ადამიანს უნდა ეფიქრა ის რომ მოდით, მეც მივიღებ კონკურსში მონაწილეობას, კი არასდროს არ მიფიქრია და არც დამსიზმრებია დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა, მაგრამ მივიღებ კონკურსში მონაწილეობასო. რაღაცნაირად შეეფუთათ მაინც, მაგრამ არა, ესე ნაგლად, უნამუსოდ, ჩაშალეს კონკურსი და თან ამას ფუთავენ ისე თითქოს არაფერი მომხდარა. სწორედ ამიტომ მინდა რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნა და მაქსიმალურად გამოვამჟღავნო ყველა საშუალებით. სრულიად უიმედოდ, მე ამით რაღაცის მიღწევის იმედი ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ ცოტა მაინც იქნებ რამე დისკომფორტი შეექმნათ ამით“.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწიელობის მიღების მსურველებს თეატრის განვითარების ოთხ წლიანი გეგმა უნდა წარედგინათ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი იქნებოდა, მას ბოლო ოთხი წლის ანგარიშიც უნდა წარედგინა. ჩხვიმიანი განმარტავს, რომ მან დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა და ანგარიში წარადგინა კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, მაგრამ მისი კანიდატურა მაინც დაიბლოკა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ინტერესებს, მე მესმის, რომ ჩვენი მინისტრი სამწუხაროდ ძალიან ასოცირდება კონკრეტულ პარტიასთან და ნებისმიერ მის ნაბიჯს ჩვენ შეიძლება ეჭვით შევხედოთ, რომ ხომ არ აკეთებს ამას პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ მე ზოგადად არ გამოვირჩევი რომელიმე კონკრეტული პარტიის მეხოტბეობით, რომ ასეთი ინტერესი ჰქონოდათ. მეტიც, მე ჩემდასამარცხვინოდ ვამბობ, რომ როგორც კონკურსანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ირგვლივ ბევრი უსამართლობა ხდებოდა ვდუმდი, რადგან პრინციპული გადაწყვეტილება მქონდა, რომ ესეც გამომერიცხა უარის შემთხვეაში, ჩავთვლიდი, რომ ამ კრიტიკული აქტიურობის გამო მე უბრალოდ დამბლოკეს, მაგრამ ესეც გამორიცხულია, რადგან მე პრინციპულად თავს ვიკავებდი აქტიურობისგან და მიმაჩნდა რომ ის გეგმები, რაც მაშნ მქონდა უფრო მნიშვნელოვანი იყო და თუ ამ ხედვაში გამომყვებოდნენ ჩემთვისაც მისაღები იქნებოდა, მაგრამ რადგან ამ ხედვებში არ მომყვებიან და ჩემი გეგმის განხორციელებას მიზანშეწონილად არ თვლიან, მივხვდი თუ სამინისტრო რას წარმოადგენს“.

დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი 8 თებერვალს ჩაიშალა და იმდღესვე დაინიშნა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამინისტროსათვის დმანისი თეატრის განვითარების ოთხ წლიანი სამოქმედო გეგმა არ წარუდგენია, რადგან მას დანიშვნის ბრძანებიდან გამომდინარე აღნიშნული დოკუმენტის წარსადგენად პირველ აპრილამდე მიეცა ვადა. კულტურის სამინისტრომ 8 თებერვალსვე ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა სადაც არა განმარტებული თუ რატომ ჩაიშალა კონკურსი.

„დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევისას სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თეატრს არ გააჩნია მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, არ ჰყავს მუდმივმოქმედი დასი და ტექნიკური პერსონალი.
ბუნებრივია, მოცემული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან თეატრისთვის დამატებითი ინვესტიციის გამოყოფას საჭიროებს, რომლის ოპტიმალური, მიზნობრივი გამოყენება უმნიშვნელოვანესია თეატრის შემდგომი განვითარებისათვის. მსგავსი პრობლემებისა და გამოწვევების პირობებში, სავარაუდო რისკების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, სამინისტრომ მიიჩნია, რომ დმანისის თეატრს ხელმძღვანელობდეს როგორც სახელოვნებო, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვის საქმეში უფრო მეტად გამოცდილი პირი. ასეთ კანდიდატურად კი ჩაითვალა რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, რომელსაც როგორც ზემოთ აღინიშნა, ორი, ძალიან მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის, მასშტაბური სახელოვნებო ორგანიზაციის მრავალწლიანი მართვის გამოცდილება აქვს“. -
აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ლაშა ჩხვიმიანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ გააუქმა მინისტრმა კონკურსი.

„დღეს ჩემი მთავარი კითხვაც არის სწორედ ეს, თუ რატომ მოხდა. ამ კითხვაზე პასუხის მიღების არანაირი ბერკეტი ხელთ არ მიპყრია, რადგან რამდენიმე თვის წინ მინისტრმა დაამტკიცა კონკურისის წესის დებულება რომელიც აბსოლიტურად მორგებულია მათზე. თუ აქამდე იყო, რომ შესულ განაცხადებს ჯერ განიხილავდნენ პროფესიონალები, თეატრმცოდნეები, და შემდეგ მინისტრს წარუდგენდენენ დასანიშნად არჩეულ კანდიდატს და მინისტრი ნიშნავდა, ქალბატონმა მინისტრმა შეიტანა ესეთი ცვლილება რომ პირველ რიგში თავად უნდა განიხილოს ეს კანდიდატები და შემდგომ მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს საბჭოს დასამტკიცებლად და შემდეგ საბჭომ ერთ-ერთი აარჩიოს, მინისტრს დაუბრუნოს და მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. არაა გაწერილი რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს მინისტრი ამ გადარჩევისას და მინისტრს ასევე აქვს კანონმდებლობით უფლება რომ საერთოდ ჩაშალოს კონკურსი თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ოღონდ ეს კრიტერიუმები არის ჰაერში გამოკიდებული სიტყვა და კიდევ უფრო ჰაერში გამოკიდებული სიტყვა და ჩანაწერია, თუ მინისტრი არ თვლის მიზანშეწონილად მის დანიშვნას. ეს „მიზანშეწონილად“ არის ყოვლად ჰაერში გამოკიდებული ფრაზა, რაც მინისტრს აძლევს ერთპიროვნულად, უარგუმენტოდ, მოქმედების საშუალებას“.

ლაშა ჩხვიმიანი განმარტავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით პროცესემა სამართლიანად ჩაიარა, რადგან მინისტრმა კანონი საკუთარ ინტერესებს მოარგო. მიუხედავად იმისა, რომ ის სამართლებრივი დავის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს, განმარტავს, რომ აუცილებლად შეეცდება სამინისტროს დისკომფორტი შეუქმნას, რათა საჯარო გახდეს სტრუქტურის შიგნით არსებული სისტემური ხარვეზები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები