შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ორი პირი
11:00 / 26.03.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და
სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია ორი პირი: 1965 წელს დაბადებული ა.ტ. და
1980 წელს დაბადებული ჯ.ტ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს
დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც
ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა,
ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და
თავად ავტომობილის მფლობელმა – მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა
დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც
შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის
შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2
მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში
ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე
მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია
ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ, კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე კაცი
მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი.