შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა
დროს,
თბილისსა და ქუთაისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო
მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ა.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას,
"მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, "ტტ"-ს სისტემის
ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.
ასევე თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული ი.ბ. ძველი თბილისის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციამ, მისი პირადი
ავტომობილის ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4
საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.