ერევანი-სტამბულის რეისი - პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბერკეტი
28 თებერვალს, ერევანი-სტამბულის რეისით N - 3F 475-ით, სომეხმა მოქალაქეებმაც იმგზავრეს, მაგრამ მათმა უმეტესობამ კითხვაზე, მიფრინავს თუ არა სტამბულში, პასუხის გაცემა არ ისურვა. სამი მგზავრი კითხვამ გააღიზიანა და აგრესიული ტონით გვითხრეს უარი კომენტარზე. სომხურად მოსაუბრე კიდევ ოთხმა ბიჭმა კი განაცხადა, რომ ისინი სტამბულში არ მიფრინავდნენ, რამდენიმე წუთში კი 45-48 სარეგისტრაციო მაგიდის რიგში ჩადგნენ და საპასპორტე კონტროლი გაიარეს. რადიო "მარნეულს" ერევანი-სტამბულის პირდაპირი საჰაერო რეისის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ტურისტები ესაუბრნენ, რომელთა ნაწილისთვისაც პირდაპირი ფრენა, როგორც თავად ამბობენ, უმნიშვნელოვანესი იყო.
ფრენების განრიგი ერევნის აეროპორტში
2 თებერვალს სომხეთი-სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები რამდენიმეწლიანი შეჩერების შემდგომ განახლდა. ფრენების განახლებას წინ უსწრებდა 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში სომხეთსა და თურქეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის დიალოგის გდაწყება და რეგიონში მშვიდობის დამყარება იყო.

ერევანი-სტამბული, სტამბული-ერევანის პირდაპირი ფრენების შეწყვეტა 2019 წელს ავიაკომპანია „ატლასის“ გაკოტრებამ გამოიწვია. ზუსტად ერთი თვის წინ კი ფრენები კვლავ განახლდა და მოსახლეობას სომხეთიდან თურქეთში მოხვედრა პირდაპირი რეისებით შეუძლიათ. პირდაპირი ფრენების აღდგენას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა სომხეთში, რადიო „მარნეული“ გაესაუბრა რამდენიმე ერევნელს და მათ ვინც, ერევანი-სტამბულის რეისზე 28 თებერვალს იმგზავრეს.

„მოსკოვიდან ჩემი რეისი გააუქმეს, ამიტომ მე ჩამოვედი აქ რათა წავსულიყავი სტამბულში, რომ იქედან ათენში ჩასულიყავი, ათენიდან კი პორტუგალიაში. ეს ფრენა რომ არ ყოფილიყო სიმართლე გითხრათ არც ვიცი როგორ მოვახერხებდი მოგზაურობას. ალბათ საქართველოს გავლით გავიდოდო, სხვა გამოსავალი თუ არ იქნებოდა“. - გვიყვება რუსი ტურისტი
მგზავრები ერევანი-სტამბულის საპასორტო კონტროლთან
ერევანი-სტამბულის რეისით იმგზავრეს ირანის მოქალაქე ცოლ-ქმარმაც. როგორც ირანის მოქალაქე, რომელმაც სახელისა და გვარის გამჟღავნება არ ისურვა, ამბობს, თურქეთში პირდაპირი რეისები მისთვის ძალიან გამოსადეგი იყო.

„აქ სამი თვით დავრჩი, მინდა რომ მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო მაგრამ ვფიქრობ, რომ სტამბულში ერთი წელი გავჩერდები. ორი კვირის წინ ვნახე ბილეთები და ძალიან შეზღუდული იყო, მხოლოდ 28 თებერვალს და 4 მარტს აჩვენებდა ფრენას და გადავწყვიტე რომ 28-ში წავსულიყავია. ვერ გეტყვით რას ვიზავდი ეს ფრენა რომ არ ყოფილიყო, სავარაუდოდ სახმელეთო გზით წავიდოდი თურქეთში რაც უფრო დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს“. - ამბობს ირანის მოქალაქე

ერევანი-სტამბულის პირდაპირი რეისების მნიშვნელობაზე მხოლოდ ერთმა სომხეთის მოქალაქემ ისაუბრა, მაგრამ მან არც ფოტო და ვიდეო გადაღების და არც აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლება არ მოგვცა. მგზავრი ამბობს, რომ თურქეთში საქმიანი ვიზიტით ჩასვლა წელიწადში რამდენჯერმე უწევდა რისთვისაც საქართველოს გავლით, სახმელეთო გზით გადაადგილება უწევდა. ხშირად საქართველომდე, თბილისის აეროპორტამდე, ერევნიდან ჩასულა და იქედან გაჰყოლია სტამბულის თვითმფრინავს. ახლა კი, როდესაც თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდა უხარია, რადგან გზაში დროსა და ენერგიას აღარ დაკარგავს.

რადიო „მარნეულს“ სომხეთის ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი არმენ პეტროსიანი უყვება, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პირდაპირი ფრენები პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების გამო ხშირად შეწყვეტილა.
არმენ პეტროსიანი
„სომხეთსა და თურქეთს შორის ეს ფრენები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ხორციელდებოდა. თუ არ ვცდები 1980-იან წლებშიც კი ერევნიდან სტამბულამდე და პირიქით ფრენები ხორციელდებოდა, მაგრამ 1993 წელს, ყარაბაღის პირველი ომის დროს, როდესაც სომხურმა მხარემ გაანთავისუფლა, როგორც ჩვენ ვუწოდებთ კალვაჯარი, ხოლო როგორ აზერბაიჯანელები უწოდებენ კირბაჯანი. ამის შემდეგ თურქეთმა ჩაკეტა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრები, მაგრამ ამის შემდეგ, უკვე 1995 წელს თურქეთმა გახსნა საჰაერო მიმოსვლა და სომხურმა მხარემ, სომხურმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს სტამბულამდე ფრენა. ამის შემდეგ 2001 წლიდან ფრენების განხორციელება სომხურმა კომპანიამ „სომხეთის ავიახაზებმა“ რომელოც 2013 წელს გაკოტრდა. ამის შემდეგ, ვინაიდან სომხეთის ავიახაზები არ იყო, ფრენა დაიწყო თურქეთის ავიახაზებმა და ეს გრძელდებოდა 2019 წლამდე, სანამ ავიაკომპანია „ატლასი“ არ გაკოტრდა. აქედან გამომდინარე, ფრენების გაუქმება არ იყო კავშირში თურქულ-სომხურ, ან აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტთან. უბრალოდ კომპანია გაკოტრდა, ამის შემდეგ უკვე დაიწყო კორონავირუსი, შემდეგ კი ყარაბაღის მეორე ომი“. - აცხადებს არმენ პეტროსიანი

წინაპირობების გარეშე ურთიერთობების დალაგებისათვის სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ განახლდა, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან უკვე ცნობილი გახდა, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები აღდგებოდა.

„ამ პროცესების დროს თურქეთის მხარემ განაცხადა, რომ აღადგენს ფრენებს ორ ქვეყანას შორის. აქ ერთი საინტერესო ნიუანსია, რომ თურქული მხარე ამ ნაბიჯის, ფრენების აღდგენას, წარმოადგენს თითქოს მათი კეთილი ნება იყოს, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრამდე ეს ფრენები იყო და ეს ნორმალურია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ირგვლივ არ იყო ოფიციალური სამთავრობო ურთიერთობები ვაჭრობა და ვიზიტები მაინც იყო. კოვიდამდე აქ მუშაობდნენ ტურსააგენტოებიც, რომლებსაც ტურისტული სეზონის დროს ხშირად ატარებდნენ ტურისტებს თურქეთში, როგორც სომხებს, ისე სხვებს“.

რადიო „მარნეულს“ ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი უცხადებს, რომ სომხური მხარე აქტიურად გამოთქვავს სურვილს სომხურ-თურქული და სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დასალაგებლად, მაგრამ ამ პროცესს, როგორც თავად ამბობს, ხელს უშლის თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების არამეზობლური რიტორიკა, რაც სომხეთისათვის გამარჯვებულის პოზიციიდან ყურებასა და დამამცირებელი განცხადებების გაკეთებაში გამოიხატება.
ერევნის აეროპორტი
აღსანიშნავია, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ-თურქულ მხარეს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომი 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარეობდა. ომის შედეგად აზერბაჯანმა მთიანი ყარაბაღში 5 რეგიონი დაიბრუნა. 44 დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. ასევე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები გაცვლიდნენ სამხედრო ტყვეებსა და გარდაცვლილთა სხეულებს. ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა ტყვეების გაცვლის პროცესი, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ტყვეები ომის შემდგომ დააკავეს რის გამოც მათ ტერორისტის სტატუსი მიანიჭეს, საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ აყვანილი ჯარისკაცები კი გაანთავისუფლეს. მიუხედავად აზერბაიჯანის განცხადებისა, სომხეთი აცხადებს რომ დაკავებული ჯარისკაცები სამხედრო ტყვეები არიან.


რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები