„ჭიაკოკონობაზე“ ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია - გარემოსდაცვითი დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს „ჭიაკოკონობის“ დღესასწაულზე ნარჩენები არ დაწვან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების, მათ შორის საბურავების, პლასტიკის მასალისა და ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია.

„ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს“. - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში

სამინისტროს განმარტებით, ნარჩენების დაწვით საფრთხე ექმნება მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რადგან დაწვის შედეგად გამოიყოფა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კონცეროგენული ნივთიერებები და აირები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლსა და მონიტორინგს გაამკაცრებენ.

რადიო „მარნეულს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ დეპარტამენტი ჯარიმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწერს, თუ დადგინდა რომ პირმა ნარჩენები ღია წესით დაწვა. რაც შეეხება ფიჩხს, წალამს და ხეს, დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ისინი ნარჩენებს არ წარმოადგენენ, შესაბამისად მოსახლეობას „ჭიაკოკონობაზე“ მათი დაწვის შესაძლებლობა აქვს.

„ჭიაკოკონობა“, იგივე ცეცხლით განწმენდის დღეობა, უძველესი ქართული რიტუალია. „ჭიაკოკონობას“ მოსახლეობა ძირითადად აღდგომის კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს, რა დროსაც ანთებენ კოცონს, ახალგაზრდები კი ანთებულ კოცონს ახტებიან. ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები