გალიფ ოზთურქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.

ოზთურქის ადვოკატების ინფორმაციით, ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს, საუბარია შვიდ გრამზე მეტი კოკაინის მარილზე.

ბრალი 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ჯერჯერობით ბრალი მხოლოდ ამ ნაწილში აქვს წარდგენილი, თუმცა გამოძიება გრძელდება. დაცვის მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, დღეს გვექნება სავარაუდოდ შეხვედრა დაკავებულთან, ჩვენთვის უკვე ცნობილია საქმის მასალები და ვგეგმავთ, სასამართლოს მივმართოთ გირაოს შუამდგომლობით“, – განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალდება დღეს წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები