მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა
19 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქმარმა ცოლი დაჭრა. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კაცმა ცოლს ჭრილობა დანით მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებამ დაჭრილი ქალის მიღების შემდგომ მისი მდგომარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა სამართალდამცავ უწყებებს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ის ამ დროისათვის უკვე დაკავებულია.

რადიო „მარნეულს“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, რომ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჭრილობა ფილტვის არეში ჰქონდა მიყენებული.

რადიო „მარნეული“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ელოდება პასუხს თუ სისხლის სამართლის რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები