რას ფიქრობენ მარნეულელი ოპოზიციონერები ამომრჩეველზე ზეწოლის გასაჯაროებულ მასალებზე
21 ივლისს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნეს კვლევა რომელიც 2018-20 წლებში ჩატარებულ არჩევნებზე სავარაუდოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზაციის დამადასტურებელ ფაქტებს შეიცავს. კვლევაში ცალკე თავადაა გამოყოფილი მარნეულში პოლიტიკურ ოპონენტებზე მასშტაბური ზეწოლის გეგმაც, რომლიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს, იმდროინდელმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანმა მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გააგზავნა მეილი რომელიც მოიცავდა ქართული ოცნების ოპონენტების სიას და მათზე ზეწოლის მოხდენის ბერკეტების ჩამონათვალს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებზე ყველა ხერხით ცდილობს ხმების მობილიზებასა და ოპონენტებზე ზეგავლენის მოხდენას და თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევა სიმართლეა.

„კონკრეტული ზეწოლის ფაქტები არსებობდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირველი დღიდან, ყველა არჩევნებზე იყო ზეწოლა. სამწუხაროდ სახელს და გვარებს ვერ გეტყვით რათა მათ პრობლემები არ შეექმნათ, რადგან ბიზნესმენები არიან. ჩვენ ვიცით რომ ჩვენს მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და მათ ეუბნებოდნენ, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ მთელ სანათესაოსთან ერთად არ მისცემდნენ ხმას მას აუცილებლად დააჯარიმებდნენ 100 000-200 000 ლარით. ბიზნესთან იყო შესული აუდიტის სამსახური,  საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ღიად და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ არ იქნებოდა წყნარად და არ დაუჭერდა მხარეს ქართულ ოცნებას აუცილებლად შეუქმნიდნენ პრობლემას. ეს იყო და არის დღესაც და ეს არის სიმართლე. მე რასაც გუშინ ვუყურე, საუბარი მხოლოდ ერთ პირზე, მამუკა ნავერიანზე იყო, მაგრამ მე არამგონია, რომ ამას მხოლოდ მამუკა ნავერიანი აკეთებდა. უბრალოდ, იმ დროს მამუკა ნავერიანი იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მას ევალებოდა მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდური საქმიანობა“. - აცხადებს ახმედ იმამკულიევი

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ბიზნესზე ზეწოლასთან ერთად მუნიციპალიტეტში ხშირი იყო ზეწოლის ისეთი ფაქტებიც, როგორიცაა ახალგაზრდებზე ზეგავლენის მოხდენა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდით, მუქარები უნივერსიტეტებიდან ახალგაზრდების გარიცხვის შესახებ, მასწავლებლებსა და დირექტორებზე ზეწოლის ფაქტები და ა.შ. იმამკულიევის განცხადებით, გუშინ გავრცელებული მასალები მეტყველებს, რომ ზეწოლის ფაქტები უფრო მეტად მასშტაბურია, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჰქონდა.

„ეს საქმე იქნება დარჩენილი თაროზე, რადგან ის ეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას და აქედან გამომდინარე მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ქართული ოცნება სახელმწიფოს მართავს არა სამართლიანობით, არამედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე“. - ამბობს ახმედ იმამკულიევი

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მსგავსად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ქველაძეც ფიქრობს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით მოკვლევას არ დაიწყებენ.

„დიდი ხანია ვამტკიცებთ რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება და  ვერ ასახავს  ამომრჩევლის რეალურ ნებას.  ზუსტად   გუშინ გავრცელებული  სუსის მასალებით უკვე ფაქტებით დადასტურდა, რომ საქართველოში ბოლო სამი არჩევნები ხელისუფლებამ მიიტაცა და ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია.  ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალების მობილიზება, მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებლების საარჩევნო უბნებიდან გაძევება, შემაჯამებელი ოქმების გადასწორება და ამ გზით არჩევნების მიტაცება.  უამრავი ფაქტი არსებობს მარნეულში თუ როგორ ცდილობდა ხელისუფლება ოპონენტების დაშინების მცდელობას, ამისთვის საკმარისია თუნდაც  მხოლოდ ის ფაქტი რომ 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებზე ჩემზე განხორციელდა დაორგანიზებული თავდასხმები ქართული ოცნების მხრიდან და ნაცვლად იმისა რომ დასჯილიყვნენ რეალური დამნაშავეები, ხელისუფლებამ მე დამაკავა, ეს პირდაპირი მინიშნება და მუქარა იყო იმ ადამიანებზე ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან , რომ ყველას ასე დაგსჯით, ხოლო ოცნების წარმომადგენლები წაახალისა, რომ მათზე კანონი არ მოქმედებს და შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურთ ,ოღონდ არჩევნებზე მიიღონ სასურველი შედეგი“.

ქველაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ხელისუფლება როგორც საჯარო პირებზე, ისე კერძო ბიზნესის წარმომადგენლებზე ახდენდა ზეწოლას.

„იყო შემთხვევები როცა ჩვენს მხარდამჭერებს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ  სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ჩამორთმევით,  სოციალური დახმარების მოხსნით, ოჯახის წევრის ბაგა- ბაღიდან გათავისუფლების მუქარა,  ახალგაზრდების ჯარში გაწვევის ფაქტები. ამომრჩეველზე ხდებოდა  მოტყუება თითქო ხმის მიცემის კაბინაში ხელისუფლება ახორციელებდა ვიდეო გადაღებას და ვინც ოპოზიციას მისცემდა ხმას  მათ შეუქმნიდნენ  პრობლემებს“. - აცხადებს ლაშა ქველაძე

რადიო „მარნეული“ ცდილობს დაუკავშირდეს მამუკა ნავერიანს, რომლის სახელიც 21 ივლისს გავრცელებულ კვლევაში ფიგურირებს. მამუკა ნავერიანი ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. ის ამ ეტაპზე მარნეულის სპორტული სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები