შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე
დანაშაულებისთვის ძებნილი აშშ-ის მოქალაქე დააკავა.
შსს-ის ცნობით, დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის
შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება,
დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ)
სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების
დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში
სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა.
უწყების ინფორმაციით, დაკავების ორდერში ასევე
შედის ლუიზიანას შტატის
შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით
დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან
25000$-მდე.
მათივე ცნობით, ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილის თვეში
შემოვიდა და საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ
მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27
ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით
გამოცხადდა და საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად
ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში.
„პოლიციის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აშშ-ს საელჩოს
დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის – რეგიონალური უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომლების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად,
მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება.
ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და
მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები
მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.