სროლა საბავშვო ბაღთან – უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ გურამ ელიზბარაშვილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა- ტარების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მას საბავშვო ბაღ Tabula Rasa-სთან სროლას და უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრას ედავება.

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, 14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასსა და ბრალდებულ გ.ე.-ს
შორის კონფლიქტი მოხდა.

კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. წარმოშობილი კონფლიქტის დროს, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

ამავდროულად, გ.ე.-მ დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა" -აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა გურამ ელიზბარაშვილი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით იარაღი ბრალდებულის სიდედრის სახლიდან ამოიღეს.

პროკურატურა სასამართლოსგან ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები