გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 82
ფაქტი გამოავლინეს. მათგან 5 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის
უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 20 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში.
მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 16 სამართალდარღვევა. 15 ფაქტია
გამოვლენილი შიდა ქართლში, კახეთში
- 7, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც -
7, ქვემო ქართლში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 2, აჭარაშიც - 2,
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1. ასევე 2 ფაქტია აღკვეთილი
დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს
თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც -
ოქტომბერში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ
საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური
მოწყობილობა და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს
ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით - 67
და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი. ასევე
დალუქულია 7 ერთეული გასაბერი ნავი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში გატარებული პრევენციული ღონისძიებების
შედეგად, ჯამში, 1 050 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 7
ერთეული თევზმახე ამოიღეს. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის
ზღვაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე მდინარეებზე -
მტკვარსა და ჭოროხზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის
ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1
იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოავლინეს. მათგან
172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები,
შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.