არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე შსს-ს თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

„2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“,
– აღნიშნულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მათ დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ- ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები