დმანისში მიუსაფარ ცხოველთა პოლიტიკის შესაქმნელად საჯარო კონსულტაცია გაიმართა
დმანისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ცხოველთა საკითხზე საჯარო კონსულტაცია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულიყო რეკომენდაციები მიუსაფარი ცხოველების მართვის პოლიტიკისათვის. საჯარო კონსულტაციის გამართვამდე მუნიციპალიტეტში ჩატარდა კვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა აწუხებდათ როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ განაცხადა, რომ საჯარო კონსულტაცია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

„საჯარო კონსულტაციის მიზანია იმ რეკომენდაციების გამოკვეთა, თუ რა შეუძლია მუნიციპალიტეტს გააკეთოს მიუსაფარი ძაღლების, კატების მოვლა-პატრონობის და მათი გარემოს გაუმჯობესების კუთხით. აქ შემუშავებული რეკომენდაციები წარდგენილი იქნება მუნიციპალიტეტში, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საკრებულოს დონეზე, მერიის დონეზე, ასევე საბიუჯეტო რესურსების გამოყოფის მიზნით და იმედი გვაქვს, რომ ეს გამოცდილება ასევე გაზიარებული იქნება სხვა მუნიციპალიტეტებში, რადგან პრობლემების პირველ ხუთეულში, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში რომ შეხვიდეთ, სწორედ ეს პრობლემა დგას“. - განაცხადა ნათია აფხაზავამ

საჯარო კონსულტაციაში მონაწილეობას იღებდნენ დმანისის მოსახლეობა და ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ასევე, თეთრიწყაროსა და თბილისის მერიების წარმომადგენლები და თემის ექსპერტები. დაინტერესებულ პირებს კონსულტაციაში მონაწილეობისათვის წინასწარი რეგისტრაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

შეხვედრა წარიმართა მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური ინსტრუმენტით, რომელიც მოიცავდა ინფორმირებას, რეკომენდაციებზე მუშაობას და ხმის მიცემის ფაზებს. მოქალაქეებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის და კარგი პრაქტიკების შესახებ ესაუბრნენ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, „მეჰიუ ჯორჯიას“ და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობას მიუსაფარი ცხოველების საკითხზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებული აქვს.

„ჩვენ ვიხილავდით ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს, გვქონდა საჯარო განხილვა და მოსახლეობასთან შეხვედრა, და მოსახლეობის მხირდან წამოვიდა ძალიან ბევრი კითხვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ზუსტად მაშინ, უფრო მეტი მონდომებით გადავწყვიტეთ რომ ჩაგვეტარებინა კვლევა, მოსახლეობასთან შეხვედრები და ექსპერტებთან კონსულტაციები. ჩვენ გამოვთქვავთ სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, პირველ ეტაპზე განვახორციელოთ ის პროგრამა მინიმუმი რაც აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარებისთვის“. - განაცხადა პაატა ყულიაშვილმა

ადგილობრივი თვითმმართველობების მხირდან მიუსაფარი ცხოველების პოლიტიკის შექმნასა და სერვისების ამოქმედებას დადებითად აფასებს „მეჰიუ საქართველოს“ (ცხოველთა მართვის კუთხით ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის) მთავარი ვეტერინარი ანა მეცხვარიშვილი. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონები აქტიურად იწყებენ საინფორმაციო კამპანიებს მოსახლეობაში მიუსაფარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

დმანისში მიუსაფარი ცხოველების თემაზე მუშაობის აქტიურად დაწყებას დადებითად აფასებს ადგილობრივი ხელოვნების მასწავლებელი და დმანისის „ჩაერთე მართვის“ კლუბის წევრი ვერიკო გოცირიძეც და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს სკოლიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოექცნენ მიუსაფარ ცხოველებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების დონის გაზრდა როგორც მოსახლეობაში, ისე ბავშვებში, რადგან ზუსტად ბავშვები არიან ის თაობა რომლებმაც შემდგომში უნდა იზრუნონ ამ ძაღლებზე. სწორედ ამიტომ ვთლი, რომ მეტი შეხვედრები ჩატარდეს სკოლებში და ბავშვებს ესაუბრებოდნენ მოწვეული ექსპერტები“. - განაცხადა ვერიკო გოცირიძემ

შეხვედრაზე 31 რეკომენდაციიდან კენჭისყრით 3 პრიორიტეტი გამოიკვეთა, რომელიც საფუძვლად დაედება დმანისის მუნიციპალიტეტის მიუსაფარ ცხოველთა მართვის პოლიტიკას.
ეს პრიორიტეტებია:
მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია და სტერილიზაცია;
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია;
მუნიციპალიტეტის მიერ მიუსაფარი ცხოველების სტრატეგიის და საბიუჯეტო პროგრამის შემუშავება
.

„ჩაერთე მართვის“ კლუბის წევრები დმანისში აგრძელებენ მუშაობას და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შეეცდებიან გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხების ადვოკატირებას.

ღონისძიება გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), დმანისის „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები