საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს.

მას 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ. შვილის პოვნის შესახებ რადიო თავისუფლებას მოზარდის მამამ აცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი ინფორმაცია დაადასტურეს.

"პოლიციამ ახლა მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და გავარკვევ, როგორ არის ჩემი შვილი, სად იპოვეს და რა მოხდა. სხვა არაფერი არ ვიცი",
- ამბობს გოგოს მამა.

ამ დრომდე არსებობს ეჭვი, რომ მე-7 კლასის მოსწავლე, ცოლად მოყვანის მიზნით, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა. ეს ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი გახდა 1 მარტს - ამ დღეს პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა 13 წლის გოგოს ოჯახის წევრებს.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, ორივე მოზარდი ახლა პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

„ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ ვითომ ჩემი შვილი მათ შვილს სასიყვარულო წერილებს სწერდა. ეს წერილები მიუტანიათ პოლიციაშიც, რაზეც მე ვამბობ, რომ ტყუილია... ეს წერილი არ ეკუთვნის ჩემს შვილს. ბავშვი გაიტაცეს და მესამე დღეა, ვერავინ პოულობს. ვის მივმართო, უკვე აღარ ვიცი“,
- ამბობდა გატაცებული გოგოს მამა 1 მარტს.

იმ სკოლის დირექტორმა, სადაც 13 წლის გოგო სწავლობდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბავშვი ბოლო კვირების განმავლობაში გაკვეთილებს არ დასწრებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სულ მცირე 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები