ზღვაში ბავშვების მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ 2 პირი დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო - პროკურატურის ცნობით, მათ დაინახეს, როგორ გადააგდო კაცმა უჟილეტო არასრულწლოვნები "ბანანიდან" ზღვაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. ბანანზე აყვანილი 4 მოზარდი, ბანანის მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. აღნიშნულის შედეგად, ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო.

ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს".
- წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 2023 წლის 28 დეკემბერს ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 27 მარტს ცნო დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები