შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერულ სისტემაში
უნებართვო შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. საუბარია კომპანია
„სილქნეტიდან“ მონაცემების გაჟონვის ფაქტზე.
უწყების ცნობით, 2001 წელს დაბადებულმა ბ.კ.-მ პერსონალური
მონაცემების დაუფლების მიზნით, „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე
კიბერშეტევა განახორციელა და კომპანიის 5 000-მდე მომხმარებლის
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრული ასლი მოიპოვა.
„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების
დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა
განახორციელა.
ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა
აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი
მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ
სივრცეში რეალიზაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ინფორმაცია, რომ „სილქნეტის” მომხმარებელთა პირადმა მონაცემებმა, მათ
შორის, პირადობის მოწმობის ფოტოებმა გაჟონა, 19 მარტს, საღამოს
გავრცელდა.