იშვიათი სინდრომისგან, რომელსაც COVID 19-ს უკავშირებენ, აშშ-ში 3 ბავშვი გარდაიცვალა
ნიუ-იორკის შტატში იშვიათი ანთებითი სინდრომისგან, რომელსაც ახალ კორონავირუსთან აკავშირებენ, სამი ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ, „როიტერსის“ ცნობით, შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.

სინდრომისგან, რომლის სიმპტომებიც კავასაკის დაავადების და ტოქსიკური შოკის სიმპტომებს ჰგავს, პირველი ბავშვის გარდაცვალების შესახებ პარასკევს გახდა ცნობილი.

კუომომ გარდაცვლილთა ასაკის ან საერთო მდგომარეობის შესახებ არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ სინდრომი ბავშვებისთვის ახალი რისკი იყო.

კუომოს განცხადებით, შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები იკვლევენ COVID-19-ით დაავადებული 73 ბავშვის მდგომარეობას, რომლებსაც ასევე აქვთ ამ სინდრომის მსგავსი სიმპტომები. კუომოს თქმით, სინდრომის სიმპტომებს შორისაა სისხლძარღვების ანთება, რასაც გულის პრობლემების გამოწვევაც შეუძლია.

კუომომ აღნიშნა, რომ ბავშვებს, ვის მდგომარეობასაც ექიმები იკვლევენ, COVID-19 ან მის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულები უფიქსირდებათ, „მაგრამ ჰოსპიტალურ სისტემაში შემოსვლისას მათ ეს სიმპტომები არ ჰქონდათ“.

კუომოს ცნობით, „სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა და დიაგნოზისას COVID-19-თან კავშირი არ დგინდებოდა“.

ამასთან ერთად, კუომოს ცნობით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს სთხოვა, სინდრომის გამოვლენა-მკურნალობის ინსტრუქცია შეედგინა.

Reuters-ის ცნობით, სინდრომის სიმპტომები ემთხვევა ტოქსიკური შოკის და კავასაკის დაავადების სიმპტომებს — ტემპერატურას, გამონაყარს, გლანდების გადიდებასა და რთულ შემთხვევებში, გულის არტერიების ანთებას. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები ჯერჯერობით ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა სინდრომი კავშირში ახალ კორონავირუსთან, რადგანაც ყველა ბავშვს, ვისაც სინდრომი დაუდგინდა, ვირუსზე პოზიტიური ტესტი არ ჰქონია.

ბავშვებში კოვიდ 19-ის შესაძლო კავშირზე ატიპიურ კავასაკთან ანდ ტოქსიკურ შოკთან ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თუმცა მეცნიერებს ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ ამ სინდრომს კოვიდ 19-ი იწვევს თუ ბავშვებს კოვიდ 19 -ით ინფიცირებამდე აღენიშნებოდათ ეს დაავადება.

წყარო: ნეთგაზეთი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები