უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს რაკეტებს AMRAAM
დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს საშუალო მანძილზე მოქმედების რაკეტებს AIM-120(AMRAAM). გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა ამ რაკეტებს გამოიყენებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის(NASAMS), რომლებიც აშშ-ისგან უნდა მიიღოს.


დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის სხვა ტიპის რაკეტებსაც, უპილოტო საფრენ აპარატებს და კიდევ 18 ჰაუბიცას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, შეიარაღება, რომელსაც უკრაინას გადასცემენ, დაეხმარება თავდასხმებისგან ცის დაცვასა და საჰაერო თავდაცვის სისტემის განმტკიცებაში.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო მთავარი საკითხი საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრაზე, რომელიც 11 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართა. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს.

საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკრაინის დახმარების საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.

radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები