ერთ კვირაში გახდება ცნობილი გაასაჯაროვებს თუ არა მარნეულის მერია შიდა აუდიტის დასკვნას
დღეს, 19 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა გაიმართა. ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედიამ“ მერიას სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა და არ გაასაჯაროვა შიდა აუდიტის ანგარიში და რეკომენდაციები.

„ჩვენ დავუსაბუთეთ და ჩვენი ადვოკატის დახმარებით დავუსაბუთეთ კანონის რომელი მუხლები იყო დარღვეული ჩვენთან მიმართებაში. ასევე, მე ვისაუბრე იმაზე რომ მარნეულის მერიამ პროფესიულ საქმიანობაში შემიშალა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას არ გვაქვს ვალდებულება ავუხსნათ რისთვის გვჭირდება ეს ინფორმაცია მე სხდომის წევრებს განვუმარტე, რომ მჭირდებოდა ჟურნალისტური ნამუშევრის შესაქმნელად, შესაბამისად მათი უმოქმედობა, რომელიც გამოიჩინიეს, არის ჩვეულებრივად პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“. - განაცხადა ორგანიზაცია ქვემო ქართლის მედიის ხელმძღვანელმა მანონ ბოკუჩავამ

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სხდომაზე არ დაუშვეს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტი. „ქვემო ქართლის მედიის“ ხელმძღვანელის განმარტებით, მათ მიაჩნიათ რომ არაა კანონიერი მარნეულის მერიის გადაწყვეტილება სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, რადგან ამის შესახებ მათთვის არ უცნობებიათ.

„მარნეულის მერიამ ჩვენთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ სხდომა არის დახურული ფორმატის. სხდომის შესახებ როდესაც გამოგვიგზავნეს ინფრომაცია ამის შესახებ მითითებული არ იყო და თვითონ დახურვის დროს როდესაც ვიკითხეთ, თუ რა იყო დახურვის მიზეზი, განმარტებები არ გაკეთებულა. შესაბამისად, სხდომაზე არ დაუშვეს როგორც რადიო „მარნეულის“ წარმომადგენელი, ასევე ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი, მაშინ როდესაც სხდომაზე დასწრებას ცდილობდა მარნეულის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი და ჩვენმა ადვოკატმა განუმარტა, რომ თუ არის ეს მიდგომა, რომ სხდომის კომისიის წევრებისა და მხარის გარდა არავინ არ ესწრება რატომ ესწრება მარნეულის მერიის პრესსამასახურის წარმომადგენელი და ამ მითითებების შემდგომ მოხერხდა ის, რომ მან დატოვა სხდომა“. - ამბობს მანონ ბოკუჩავა

ბოკუჩავას განმარტებით, მერიის წარმომადგენლებმა მათ განუცხადეს, რომ სხდომა გადაიდო და გადაწყვეტილებას 26 აპრილს გამოაცხადებენ. მისი განცხადებით, ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილება და კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციისათვის მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიშისა და რეკომენდაციების გადაცემა იქნება, მიუხედავად ამისა, მანონს აქვს მოლოდინი, რომ მარნეულის მერიამ შესაძლოა კვლავ უარი განაცხადოს საჯარო ინფორმაციის გასაჯაროებისაგან.

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედიამ“ მარნეულის, გარდაბნისა და რუსთვავის მერიებიდან შიდა აუდიტის სამსახურების ანგარიშები 2023 წლის თებერვლიდან გამოითხოვა. მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმა ორგანიზაციას საჯარო ინფორმაციაზე პასუხი საერთოდ არ გასცეს, ხოლო რუსთავის მერიიდან მიიღეს პასუხი, რომ მერის გადაწყვეტილებით შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნებს არ გაასაჯაროვებენ. მანონ ბოკუჩავას განცხადებით, რუსთავის მერიას სასამართლოში უკვე უჩივლეს, მარნეულის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დღეს გაიმართა, ხოლო გარდაბნის მერიაში საჩივრის განხილვის დრო ჯერ უცნობია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები