8 მაისს მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 8 მაისს, მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით დაიწყო.
კერძოდ, გუშინ 8 მაისს ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.

ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე აცხადებს,
რომ თავს სატელეფონო მუქარის შემდეგ დაესხნენ. თავის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს მასზე თავდასხმას დიმა ჩიქოვანიც. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მშიშარა ტიტუშკები“ დაესხნენ.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გუშინდელ თავდასხმებზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს რამდენიმე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər