EU-ს საგარეო პოლიტიკაზე ეროვნული ვეტოს ფუფუნება აღარ აქვს — შოლცი
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის აზრით, ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, შეინარჩუნოს ეროვნული ვეტო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ მას სურს, გლობალურ პოლიტიკაში წამყვანი როლი შეინარჩუნოს.

გერმანიის კანცლერმა Frankfurter Allgemeine-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ევროკავშირი უნდა გახდეს გეოპოლიტიკური აქტორი“, რომელშიც ევროკავშირის მომავლის შესახებ თავისი ხედვა წარმოადგინა. შოლცი წერს, რომ პუტინის შეტევამ უკრაინაზე ახალი რეალობა შექმნა და გერმანიასა
და ევროკავშირში ბევრი რამ ვერ დარჩება ისე, როგორც აქამდე.

„პოლიტიკა იწყება რეალობის აღქმით, მით უმეტეს როცა ის არ მოგვწონს. რეალობის ნაწილი არის ის, რომ ევროპაში იმპერიალიზმი დაბრუნდა. ბევრი იმედოვნებდა, რომ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და ურთიერთდამოკიდებულებები უზრუნველყოფენ ერთდროულად სტაბილურობას და უსაფრთხოებას. უკრაინის წინააღმდეგ ომით პუტინმა აშკარად გაანადგურა ეს იმედი. რუსულმა რაკეტებმა არა მხოლოდ მასობრივი ნგრევა გამოიწვია ხარკოვში, მარიუპოლსა და ხერსონში, არამედ ნანგრევებად აქცია გასული ათწლეულების ევროპული და საერთაშორისო სამშვიდობო წესრიგი. ბუნდესვერისა და სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურების მდგომარეობა, ასევე, ჩვენი გადაჭარბებული დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე მიუთითებს იმაზე, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიგრძენით უსაფრთხოების ცრუ გრძნობა. პოლიტიკაში, ბიზნესსა და ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში ძალიან ბედნიერი იყვნენ შორსმიმავალი დასკვნების გამოტანით გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრის გამონათქვამისგან, რომლის მიხედვითაც გერმანია მხოლოდ მეგობრებით იყო გარშემორტყმული. ეს შეცდომა იყო“,
— წერს შოლცი და დასძენს:

„ჩვენ უნდა გავხადოთ გერმანია უფრო უსაფრთხო და მედეგი, ევროკავშირი — უფრო სუვერენული და საერთაშორისო წესრიგი უფრო მდგრადი“.


შოლცის თქმით, მოსკოვის ომი უკრაინაში კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ევროპაში ერთობას და ზრდის ზეწოლას ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ევროპული გადაწყვეტილებების „ეგოისტური ბლოკადების“ დასასრულებლად.

„ჩვენ უბრალოდ აღარ ძალგვიძს შევინარჩუნოთ ეროვნული ვეტოები, მაგალითად საგარეო პოლიტიკაში, თუ გვინდა მოგვისმინონ დიდი ძალების კონკურენციის სამყაროში”,
– დასძინა მან.

შოლცი, რომელსაც აკრიტიკებდნენ გერმანიის პასიური როლისთვის უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ამბობს, რომ გერმანია უახლოეს თვეებში წარმოადგენს წინადადებებს ერთობლივი ევროპული მიგრაციის პოლიტიკის, ევროპის თავდაცვის, ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მდგრადობის ასაშენებლად.

უკრაინასთან მიმართებით შოლცი ამბობს, რომ მას მხარს დაუჭერენ ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, ფინანსურად და იარაღის მიწოდებით, სანამ ეს დასჭირდება, თუმცა ნატო არ გახდება კონფლიქტის მხარე.

შოლცის თქმით, რუსეთის მიმართ „უპრეცედენტო მკაცრი სანქციები“ ყოველდღიურად უფრო მეტად მუშაობს და მათი შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო.

„ჩვენთვის ნათელია, რომ ამ სანქციებიდან არც ერთი მოიხსნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი მშვიდობის შემთხვევაში. რუსეთისთვის არ არსებობს გზა უკრაინასთან ისეთი შეთანხმების მიღმა, რომლის მიღებაც უკრაინელებს შეუძლიათ“, — ამბობს გერმანიის კანცლერი.

ამასთან, ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ბევრი მოქალაქე უკვე განიცდის უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგებს, განსაკუთრებით ბენზინზე და საკვებზე მაღალი ფასების გამო და ისეთი მდიდარი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც გერმანიაა, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შეწყვეტა ადვილი არ იქნება და მეტი დრო დასჭირდება.

ევროკავშირი გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსის საფუძველზე, შესაბამისად, ერთ ქვეყანის წინააღმდეგობის შემთხვევაშიც გადაწყევტილება ვერ მიიღება. უკრაინაში დაწყებულ ომმა მოითხოვა ევროკავშირის სწრაფი გადაწყვეტილებები და დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ევროკავშირის ხელშეკრულების რეფორმა. რამდენიმე მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა აჩვენა თავისი გამძლეობა და კრიზისის მართვის უნარი და ამჟამად არ საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების მიღების უფრო მოქნილი სისტემა ევროკავშირს უფრო ეფექტიანს გახდის.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები