მოსკოვი არ გამორიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას, „თუ ამისი წინაპირობები შეიქმნება“.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო სააგენტოსთან TASS-თან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი საჭირო წინაპირობები იქნება“, – განაცხადა გალუზინმა.

მისი განცხადებით ორ ქვეყანას შორის სტაბილური ურთიერთობები ქართველებისა და რუსების საერთო ინტერესია, ხოლო
ამ ორ ხალხს ერთმანეთთან „საუკუნეების მეგობრობის ტრადიცია, კეთილმეზობლობა, საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები“ აკავშირებთ.

ინტერვიუსას გალუზინმა ისაუბრა საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მისივე განცხადებით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაუარესდა, ახლა კი ამ ურთიერთობების გამოსწორებისთვის „ბურთი საქართველოს მოედანზეა“.

TASS რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული საიტია, რომელზეც ხშირად „მედიის ფორმატით“ რუსეთის მთავრობის ოფიციალური პოზიციებს ავრცელებს.

საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად აქვს გაუქმებული. ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენებიც არ არსებობს. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესაძლებლობებზე, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება მოსკოვს ჯერ არ მიუღია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები