თურქეთის სამხრეთ ნაწილში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად
დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა,
დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის შედეგად
გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ განახლებულ მონაცემებს
თურქული მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით
ავრცელებს.
6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ
ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე
პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში,
სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით,
ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის
მიწისძვრა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში
დაფიქსირდა 243 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7
მაგნიტუდას აღემატებოდა. სტიქიამ დაანგრია 6 200-ზე მეტი შენობა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი
შეძრა უდიდესმა კატასტროფამ 1939 წლის ერზინაჯის მიწისძვრის
შემდეგ.