G7 გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს უკრაინის მარცვლეულზე შეთანხმება
მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნები, რომლებიც „დიდ შვიდეულში“ შედიან, გამოვიდნენ მოწოდებით, მოხდეს „გაგრძელება, სრული რეალიზაცია და გაფართოება“ შეთანხმებისა, რომელიც შავი ზღვის პორტების მეშვეობით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებთ. ამის შესახებ ლაპარაკია „დიდი შვიდეულის“ წევრთა სოფლის მეურნეობის მინისტრების კომუნიკეში.

შეთანხმებას, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს, შარშან ივლისში სტამბოლში მოეწერა ხელი გაეროსა და თურქეთის შუამავლობით. ის ითვალისწინებს უკრაინიდან 27 მილიონზე მეტი ტონა მარცვლეულის ექსპორტს.

რუსეთმა, რომელიც შარშან თებერვალში შეიჭრა უკრაინაში, ახლახან განაცხადა, რომ შეიძლება დაბლოკოს 18 მაისის შემდეგ შეთანხმების გაგრძელება. ორშაბათს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გაგრძელების პერსპექტივა „არც ისე კარგია“, ვინაიდან ვითარება შეთანხმების მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის სასუქებისა და ხორბლეულის ექსპორტს ეხება, არ უმჯობესდება. მომდევნო დღეს, 18 აპრილს, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ არავითარი წინსვლა არ შეინიშნება შეთანხმების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მარცვლეულის თაობაზე შეთანხმების რუსულ ნაწილს ეხება.

„ვგმობთ რუსეთის მცდელობას, სურსათი გამოიყენოს დესტაბილიზაციის საშუალებად და იარაღად გეოპოლიტიკური იძულებისთვის. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას იმის მიმართ, რომ ვიმოქმედოთ სოლიდარულად და დავეხმაროთ იმათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენებით,“ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ კომუნიკეში.

უკრაინის სააგენტო UNIAN-ი „დიდი შვიდეულის“ განცხადებასთან დაკავშირებულ ცნობაში იხსენებს უკრაინის აღდგენის საკითხებში ვიცე-პრემიერი, ოლექსანდრ კუბრაკოვის სიტყვებს, რომელმაც რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 10 აპრილიდან მოყოლებული, წერდა კუბრაკოვი, რუსეთმა შეწყვიტა რეგისტრაცია ახალი ფლოტისა, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს მარცვლეულის ინიციატივაში. სხვათა შორის მან აღნიშნა, რომ 17-28 აპრილს თურქეთის წყლებში გემების შემოწმება არ ჩატარებულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ კომენტარში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ახალი გემების რეგისტრაციასთან და მათ ინსპექციასთან დაკავშირებით პრობლემები ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის წარმომადგენლების მოქმედებების გამო. მან ასევე ბრალი დასდო გაეროს თანამშრომლებს, რომლებსაც, მისი თქმით, „როგორც ჩანს, არ სურთ ან არ შეუძლიათ, რომ წინ აღუდგნენ მათ [უკრაინელებს]“.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები