მარნეულში პირველი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა

დღეს, 27 თებერვალს, მარნეულში პირველი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა.  

ცენტრის მიზანი ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაა. ასევე,  მათი ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. როგორც ჩვენთან საუბარში ადამიანით ვაჭრობის, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე ამბობს, კრიზისულ ცენტრში მომსახურება სრულიად უფასოა და მიმართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

“ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის დახმარებას შევძლებთ. კრიზისული ცენტრი მომსახურებას სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს გაუწევს. მომსახურება იწყება კონსულტაციიდან და შეიძლება შემდეგ სრულ მომსახურებაში გადავიდეს.  თუნდაც რეაბილიტაციის პროცესი გაიარონ და მათ ისარგებლონ ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და იურისტის დახმარებით. ასევე, კრიზისული ცენტრი საჭიროების შემთხვევაში მათ დაეხმარება თავშესაფრის გადამისამართებაში.“ - ამბობს მაღლაფერიძე


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი ცენტრის გახსნას მნიშვნელოვნად აფასებს და ფიქრობს, რომ მათი მუშაობა ეფექტური იქნება.

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე მიიჩნევს,  რომ კრიზისული ცენტრის გახსნა მარნეულში ბევრ ძალადობის მსხვერპლს დაეხმარება.

„საჭიროება შეიქმნა, რომ მარნეულის ტერიტორიაზე ძალადობის მსხვერპლთა მომსახურეობის კრიზისული ცენტრი შექმნილიყო. რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოემსახურება, რომელიც თვლის რომ ის ძალადობის მსხვერპლია.“- ამბობს ლობჯანიძე

კრიზისულ ცენტრს ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზი აქვს (116006).  ზარი ანონიმურია.

ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

საქართველოს მასშტაბით სულ ხუთი კრიზისული ცენტრი, ხუთი თავშესაფარი მუშაობს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები