მგზავრები მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს არაეთიკურობაში ადანაშაულებს




მარნეულის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს არაეთიკური სიტყვების გამოყენებაში ადანაშაულებს. ჩვენ გამოკითხვის ჩატარება გადავწყვიტეთ. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მგზავრების მიმართ არაერთხელ მოუსმენიათ შურაცხყოფელი სიტყვები. ბევრმა კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ პირად საუბრებში დაგვიდასტურა არაკორექტულობის ფაქტი. მარნეულელები ამბობენ, რომ მიმართვის უხეში ტონით განსაკუთრებით მერიის ბალანსზე მყოფი შპს ავტოპარკის მძღოლები გამოირჩევიან.

„სამწუხაროდ, ავტობუსის მძღოლების მხრიდან არის ხოლმე არაეთიკური ქცევები. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეებს პირდაპირ აგინებენ. მესამე ნომერ ავტობუსში შემხვდა რამდენჯერმე მსგავსი ფაქტი. ჩემს თვალწინ შეიგინა. მოქალაქე სთხოვდა, რომ გაეჩერებინა. თვითონ გვიან რომ გაიგო ის მოქალაქე როდესაც ჩავიდა დაიწყო: „შენი ჯიში.“, „შენი დედა ვატირე“ - ასე მოქცევა არ შეიძლება

„მეც ხშირად ვმგზავრობ ავტობუსებით. შედარებით უფრო კომფორტულია, მაგრამ მძღოლების მხრიდან ნამდვილად არის უწმაწური სიტყვები და მათ ავტობუსში ასვლა აღარ მინდა ხოლმე“


“მე საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვიყენებ და ძალიან ხშირად მხვდება მძღოლების არაეთიკური დამოკიდებულება მგზავრების მიმართ. მაგალითად, გუშინ მარშუტკის მძღოლი სკოლის მოსწავლეებს ისე უხეშად ელაპარაკებოდა, მე მას შევეპასუხე და ტრანსპორტი პროტესტის ნიშნად დავტოვე. ვფიქრობ, მძღოლებს ტრენინგები სჭირდებათ ეთიკური ნორმების დაცვაზე. “ - ამბობს მოსახლეობა



ჩვენ შპს „მარნეულის ავტოპარკის“ დირექტორს, გიგა ჯალაღონიას დავურეკეთ, რომელმაც მსგავსი შემთხვევა გამორიცხა და თქვა, რომ თუ ფაქტი ნამდვილად არსებობს მას მიმართონ და შესაბამის ზომებს მიიღებს.

„რა უნდა ვიფიქრო გამაგებინეთ, საიდან მოიტანეთ, ვინ აგინებს მგზავრებს მე ვერ ვხვდები. ან ვინმე უწმაწურად საუბრობდეს, ვინ ვის აპატიებს? მე ვერ ვხვდები რას ლაპარაკობთ საერთოდ. ასეთი თემა ჯერ ჩემამდე არ მოსულა, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ.“ - გვითხრა გიგა ჯალაღონიამ

მეორე მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია შპს „ექტსპრეს ტურისტია“, რომლის ბალანსზეც N1 და N2 სამარშრუტო ტაქსები ირიცხება. კომპანიის დირექტორი იური სამხარაძე ამბობს, რომ მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებთან ადრე ჰქონდათ შენიშვნები, თუმცა ახლა მსგავს ფაქტს ვერ ადასტურებს.

„მძღოლები მყავს ამ დღეებში შესაკრები, თათბირი უნდა გვქონდეს და მაგ საკითხს განსაკუთრებით მივაქცევთ ყურადღებას. კარგია, რომ გამახსენეთ. ყოველ შემთხვევაში მსგავს საკითხზე არ მახსოვს ბოლო ორი წელია მოემართოთ. ადრე იყო წერეთლიდან მოგვმართეს, კამათი მოუვიდათ და შეურაცხმყოფელი სიტყვებიც იყო. „ - ამბობს იური სამხარაძე

მარნეულელი მოქალაქე, სამირა ბაირამოვა მძღოლების მხრიდან არაეთიკური საუბრის შესახებ მერიაში განცხადების შეტანას გეგმავს და იმედოვნებს, რომ რეაგირება დროული იქნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები