ეს ინიციატივა არის ილუზიის შექმნა, რომ ისინი ქმედითები არიან და მუშაობენ - EMC რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლის დანიშვნაზე
„ეს ინიციატივა არის მყისიერი რეაქცია ECRI-ს (ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ) უკიდურესად კრიტიკულ შეფასებებზე და ილუზიის შექმნა, რომ ისინი ქმედითები არიან და მუშაობენ“ - ასე აფასება EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ქვემო ქართლში რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლის დანიშვნას.

მიქელაძისათვის ასევე გაუგებარია თუ როგორი მანდატი ექნება სააგენტოს წარმომადგენელს და რატომ არაა საკმარისი სააგენტოს რესურსები, - „ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სააგენტოს ძალიან ბევრი საქმე აქვს და რაღაც კონკრეტულ აქტივობებს ანხორციელებენ რასაც ეს უწყება, ვთქვათ, ცენტრიდან ვერ მოახერხებდა ამის გაძღოლას.“

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში 2014 წელს შეიქმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში მოქმედებს. თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი სააგენტოს ფუნქციონირებას საერთო ჯამში უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მათ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ერთი შეხედვით მაღალი მანდატი და პრემიერ-მინისტრის ქვეშ არსებობს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ქმედითი არ არის და მათ შორის ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმით ნაკის ვალდებულებებს, რომელიც იყო სადავო შენობების დავის გადაწყვეტა, კანონმდებლობის რევიზია და დისკრიმინაციის აღმოფხვრა კანონმდებლობაში და რესტიტუციის პოლიტიკის ხედვების შემუშავება, მას ეს ვალდებულებები რეალურად არ შეუსრულებია და მხოლოდ ნომინალურ ფუნქციებს ასრულებს.“ - ამბობს თამთა მიქელაძე

მიქელაძის თქმით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ძირითადი საქმიანობა ოთხი რელიგიური ორგანიზაციისათვის დაფინანსების მენეჯმენტი, მათთვის თანხების გადარიცხვა და მათი ხარჯვის შემოწმებაა.

EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის შეფასებით, სააგენტოს მთავარ მიზანს რელიგიური ორგანიზაციების და განსაკუთრებულად მუსლიმური თემის კონტროლი წარმოადგენს ხოლო, ამ პირობებში რეგიონალური წარმომადგენლის დანიშვნა დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა და ბიუროკრატიული რგოლების გაჩენა სრულიად მიზანშეუწონელია.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები