მარნეულის მასშტაბით მოსახლეობამ N1 პრიორიტეტად შიდა გზები დაასახელა




მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის გამოკითხვა დაასრულა.  2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების მიზნით გამოკითხვას    150- მდე ადგილობრივი ახალგაზრდა ატარებდა. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს, თუმცა არსად წერია ის მონაცემები, თუ რა საკითხები მიიჩნია მოსახლეობამ პრიორიტეტად.

დეტალების გასარკვევად რადიო „მარნეული“ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის სპეციალისტს ლევან გაბაძეს დაუკავშირდა. ამბობს, რომ მარნეულის მასშტაბით სულ 2 427 ადამიანი გამოჰკითხეს. აქედან, 13 ადგილზე ქალაქ მარნეულის  ხოლო 73  ადგილზე სოფლების მოსახლეობა. როგორც გაბაძე ამბობს, მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა.

„უმრავლეს შემთხვევაში სოფლების ძირითადი პრიორიტეტი შიდა გზები იყო 15%, ასევე სასმელი წყალი 9%, ნარჩენების გატანა 9%, საბავშვო ბაღების მშენებლობა 8%, სარწყავი არხის პრობლემა აწუხებდა 8%-ს, სკოლის შენობის რეაბილიტაცია 7%,  გარე განათების მოწყობა 6%, და ასე შემდეგ. ჩამონათვალში დაახლოებით 19 საკითხი იყო და მოსახლეობამ თვითონ დაამატა გარკვეული საკითხები რომელიც ჩამონათვალში არ იყო. ასეთი საკითხებია საკანალიზაციო სისტემა და მიუსაფარი ძაღლების პრობლემა“, - თქვა ლევან გაბაძემ

რაც შეეხება ქალაქში გამოკითხულ მოსახლეობას, ფაქტობრივად, აქაც ერთნაირი პრიორიტეტებია.  

„ქალაქშიც ანალოგიურად იყო ჩამონათვალი პრიორიტეტების, ძირითადად არის შიდა გზები 11%, სასმელი წყალი 10%, ნარჩენების გატანა 9%, შიდა სარწყავი არხები 9%, საბავშვო სათამაშო მოედნების მოწყობა 7%, სკვერების მოწყობა, გამწვანება 5%, საბავშვო ბაღების მშენებლობა 4%, გაჩერებების მოწყობა 4%, და ა.შ”.

150-მდე მოხალისემ სპეციალურად შექმნილი კითხვარით იხელმძღვანელა და შემთხვევითობის პრინციპით, სოფლებში 2020, ხოლო ქალაქში 407 ადამიანი გამოკითხა.  ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, უშუალოდ, ოჯახებში შესვლა და თითო ადამიანის გამოკითხვა წარმოადგენდა.  მოსახლეობას 20-მდე საკითხიდან 3 პრიორიტეტული მიმართულების ამორჩევა შეეძლო.

მარნეულის მერი, ზაურ დარგალი მიიჩნევს, რომ წელს, მოსახლეობის ჩართულობის კუთხით, უპრეცენდენტო აქციები ჩაატარეს. რაც შეეხება განსახორციელებელ სამუშაოების შესრულებას, ეს პრიორიტეტების დოკუმენტში აისახება და ეტაპობრივად განხორციელდება

„ძირითადად, საბაზისო ინფრასტრუქტურული საკითხები რჩება აქტუალური. მინდა გითხრათ, რომ უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.  თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ შემდეგ წლებშიც ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიც არის საგზაო ინფრასტრუქტურა. რამდენიმე სოფელში დარჩა მისასვლელი გზები მოსაწესრიგებელი  და გეგმაში გვაქვს პრობლემის მოგვარება.  ასევე, რამდენიმე სოფელში რჩება ცენტრალური გზის პრობლემა და ესეც აუციებლად მოგვარდება.“ - თქვა ზაურ დარგალმა და დააანონსა, რომ სამომავლოდ ქალაქ მარნეულის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა და იერ-სახის მოწესრიგება იგეგმება.

მერიის გარდა,  მოსახლეობის გამოკითხვას , საკრებულოც ატარებდა, თუმცა ჯერჯერობით შედეგები არ არის ცნობილი.

პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს, მუნიციპალიტეტის სახელით, მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტი, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით მასშტაბურ აქტივობებს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები