მარნეულის მერია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ზონის მოწყობას გეგმავს
მარნეულის ქუჩებში პარკირების სისტემა არ არსებობს. ამის გამო ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. გზის ორივე მხარეს მანქანებია ჩამწკრივებული. ცარიელი არც ტროტუარებია. ქვეითებს მანქანებს შორის გზის გაკვლევა და ავტომობილების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ. შეიძლება ითქვას, რომ  ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი რუსთაველის ქუჩაა. აქ რადენიმე ბანკია განლაგებული. ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი არ არსებობს, რის გამოც მძღოლები ტროტუარის ადგილს იკავებენ.

რადიო „მარნეულს“ პარკირების საკითხზე მასალა არაერთხელ მოუმზადებია, თუმცა სიტუაციის გამოსწორებას ვერც 2018 წელს გვპირდებოდნენ. როგორც რადიო „მარნეულს“ მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ უთხრა, წელს არსებული პრობლემის მოგვარებას აპირებენ. საპარკინგე ზონის მოწყობას ამ ეტაპზე მხოლოდ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავენ.

„უფრო მეტად გადატვირთული იყო ეს ტერიტორია, ნამდვილად საჭიროებდა ჩვენი მხრიდან ჩარევას. უკვე გამოვაცხადეთ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი, გამარჯვებული კომპანიაც გვყავს, რომელიც პირველ ეტაპზე შუქნიშნის პროექტს შეიმუშავებს. რა თქმა უნდა, იქვე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და საპარკინგე ადგილების დახაზვაც იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ველოდებით უახლოეს პერიოდში , რომ წარმოდგენილი პროექტის შემდეგ გამოცხადდეს ტენდერი და უშუალოდ სამუშაოები განხორციელდეს. რაც შეეხება ქალაქის მასშტაბით საპარკინგე ადგილების სრულად მოცვას, ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ დავიწყეთ ამ კონკრეტული ადგილით“ - თქვა ლაშა ლობჯანიძემ.

ლობჯანიძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპარკინგე ზონა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ფასიანი არ იქნება.

„გამომდინარე იქედან, რომ ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების წინ მდებარე ტერიტორია და ეს ობიექტები სავაჭრო ობიექტებია და ჩვენი მოსახლეობა გადაადგილდება, აქ ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილების განთავსება. ამაში რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი თანხას არ გამოართმევს არც კერძო კომპანიას, არც მოსახლეობას“ - თქვა ლაშა ლობჯანიძემ.

მერიამ ქალაქ მარნეულში რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებული საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნისა და მიმდებარე ტერიტორიის მონიშვნის, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისა და აღმაშენებლის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია 3187 კვ.მ) პარკირების მონიშვნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის 11 000 ლარიანი ტენდერი 2019 წლის 6 სექტემბერს გამოაცხადა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები