მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა პროტესტის ნიშნად პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დატოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს, 19 ნოემბერს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა შეხვედრაზე პროექტის პრეზენტაცია გამართა და მხოლოდ, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ბიუჯეტის საჯარო განხილვა ორმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა. პირველი ვინც განხილვა დატოვა პარტია „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს წევრი ახმედ იმამკულიევი იყო.

იმამკულიევის მთავარი პროტესტი აუდიტის ანგარიშის განხილვებმა გამოიწვია. როგორც ის ამბობდა, საკრებულოსა და საზოგადოების წინაშე მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების ანგარიშები არ განხილულა. იმამკულიევის განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა. რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საკრებულოს სხდომა ასევე დატოვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა და აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ. ბაირამოვამ სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას პრიორიტეტს ქართულ სოფლებზე აკეთებს.

„რატომ უნდა აშენდეს სპორტული დარბაზი თამარისში, როდესაც იგივე მანძილით დაშორებულ აზერბაიჯანულ სოფლებში სხვა დიდი პრობლემებია“ - განაცხადა სამირა ბაირამოვამ სხდომაზე

ბაირამოვას განცხადებას მარნეულის მერი ზაურ დარგალი გამოეხმაურა და თქვა, რომ მუნიციპალიტეტი ეტაპიბრივად ცდილობს ყველა სოფელში სასმელი წყლისა და მისასვლელი და ცენტრალური გზის პრობლემები მოგვარდეს, ხოლო იმ სოფლებში სადაც ასეთი სახის პრობლემები უკვე აღარ არსებობს იქ სხვა პროექტების განხორციელებაა დაწყებული. მერმა ასევე განაცხადა, რომ ბაირამოვას შეკითხვა არასწორი იყო და ის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელისაგან უფრო კარგ კითხვებს ელოდებოდა.

„მეც შემიძლია დაგტოვოთ, რადგან არ მინდა ამ ლაი-ლაიების მოსმენა“ - განაცხადა სამირა ბაირამოვამ და პროტესტის ნიშნად ბიუჯეტის საჯარო განხილვა დატოვა.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები