ინფორმაციისა და დახმარების გარეშე დარჩენილი მარნეულის „ყრუთა კავშირის“ ბენეფიციარები
მარნეულში მცხოვრები სმენისარმქონე მოქალაქეები რამდენიმე დღეა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. სავარაუდოდ, არ იციან თუ რა ხდება მარნეულში, საქართველოსა და მსოფლიოში.

მათთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება მარნეულის „ყრუთა კავშირში“ კვირაში ორჯერ ვიზიტი იყო. „ყრუთა კავშირის“ ბენეფიციარებს სურდო თარჯიმანი ემო ოსიპენკო უყვებოდა, თუ რა სიახლეებია მსოფლიოში. კორონავირუსის გამო ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

„ცენტრიდან ახლა 6-7 ბენეფიციართან თუ მაქვს კავშირი, დანარჩენებს არც ტელეფონი, არც ინტერნეტი და არც სპეციალური ტექნიკა არ აქვთ რომ დავეკონტაქტო და მათი ამბავი მაინც მოვიკითხო. სულ ჩვენ 35 ბენეფიციარი გვყავს. არიან ისეთი სმენისარმქონეები, რომელთა ოჯახშიც მოსაუბრე არაა და ამის გამო სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან“ - გვეუბნება ემო ოსიპენკო

„მარნეულის ყრუთა კავშირის“ სურდო თარჯიმანი ამბობს, რომ წინა კვირას მარნეულის მერიას ბენეფიციართა სია გადასცა, რათა მუნიციპალიტეტს მათთვის სასურსათო დახმარებები დაერიგებინა, მაგრამ დღემდე სმენისარმქონეებისათვის მუნიციპალიტეტის არაფერი მიუტანია.

„გუშინ სპეციალურად დავუკავშირდი იმ ბენეფიციარებს ვისთანაც დაკავშირებას ვახერხებ და მითხრეს, რომ ჯერ არაფერი არ მოუტანიათ ჩვენთვისო“ - ამბობს ოსიპენკო

რადიო „მარნეული“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მერიისაგან ინფორმაციის მიღებას, მაგრამ მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ამ ეტაპზე უცნობია დაეხმარა თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა სმენისარმქონე მოქალაქეებს.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები