„ქართული ოცნების“ წევრის ცემაში მონაწილეობას მეუფე გიორგი უარყოფს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამ ეტაპზე იმ პირების დასახელებისაგან თავს იკავებს, ვინც მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიას ახორციელებენ.

„აქ არის ერთი ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია დღევანდელ „ქართული ოცნების“ შტაბში, ადგილობრივი „ქართული ოცნების“ შტაბში მოკალათებული პიროვნებები. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ წინასაარჩევნოდ დაკავებულები არიან ამ ცილისმწამებლური კამპანიით და მიზანმიმართულად ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ზოგზე მოტყუებით, ზოგზე გამოგონილი ბრალდებით და ზოგზეც ზეწოლით რაღაც ხელმოწერებს აგროვებენ. ეს არის დადასტურებული ფაქტი... ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი სახელს და გვარების დასახელებისაგან. მაგის დროც მოვა, როცა მაგაზე ვისაუბრებ“ - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას

მეუფე გიორგის განმარტებით, ის მზადაა, კანონმდებლობის ჩარჩოში, ამ ცილისმწამებლურ კამპანიას მართლზომიერი პასუხი გასცეს.

მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს მეუფე გიორგი ჯამდელიანს ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ წევრის თემურ შუბითიძის ცემაში და მისი გადადგომის მოთხოვნით მუნიციპალიტეტში ხელმოწერებს აგროვებენ.

აღნიშნულ საკითხზე მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჩატარებულ სამღვდელოების საეპარქიო კრებაზე იმსჯელეს.

„კრებამ ერთხმად განაცხადა, რომ ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ : ჩრდილი მიაყენონ მის სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. გამომდინარე აქედან სათანადოდ მივიჩნიეთ გაგვეფრთხილებინა საზოგადოება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ, რომელშიც სამწუხაროდ ჩართულნი არიან ადგილობრივი მმართველი გუნდის - პარტია “ქართული ოცნების” წევრები. მათ ადგილობრივი მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, ცილს სწამებენ ეპისკოპოსს თითქოს პარტია “ქართული ოცნების” წევრის თ.შ-ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა მეუფის დავალებით, რაც არის მტკნარი სიცრუე, უმძიმესი ბრალდება და ცილისწამება! ისინი დადიან მოსახლეობაში, ცდილობენ ხელმოწერების შეგროვებას მეუფის წინააღმდეგ - მისი ეპარქიიდან გაწვევის მოტივით. ეს გახლავთ გაგრძელება იმ პოლიტიკისა და გეგმისა, რომელიც მავანთ მიზნად აქვთ დასახული, კერძოდ სხვა და სხვა ცილისმწამებლური კამპანიით მეუფის ეპარქიიდან ჩამოშორება“ - წერია მარნეულისა და ჰუჯაბის ფეისბუქ გვერდზე

მარნეულისა და ჰუჯაბის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბში მეუფე გიორგის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია