მარნეულელები კორონავირუსის ვაქცინის მოლოდინში არიან, თუმცა მითებისაც სჯერათ

საქართველოში თვეებია, რაც კორონავირუსუს ვაქცინის შემოტანის თემას განიხილავენ.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაანონსა, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია - 29 250 ერთეულის ოდენობით, რაც განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. 2021 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს მოსახლეობის 60%- ის აცრა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებასთან დაკავშირებით მოსახლოების აზრი რამდენიმე ნაწილად იყოფა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ვაქცინაციის ეშინიათ და გარკვეულწილად უნდობლობასაც უცხადებენ.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ზოგადად, სეზონური გრიპის ვაქცინაციის რიცხვი, მუნიციპალიტეტში გაზრდილია.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობას მაინც განსხვავებული აზრი აქვს და დეზინფორმაციასაც იჯერებენ. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ ვაქცინა მათი სიცოცხლისთვის საზიანოა, ასაკოვანი ხალხის შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევს.

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, მიუხედავად საქართველოში იმუნიზაციის პოზიტიური სტატისტიკისა, ვაქცინებთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაცია საყურადღებოა.

IDFI-ის ინფორმაციით ერთი მხრივ, რუსეთი ამ გზით ცდილობს უნდობლობა, პოლარიზაცია და ქაოსი გააღვივოს უცხო ქვეყნებში, რაც პოლიტიკური რისკების შემცველია ამ საზოგადოებებისთვის. მეორე მხრივ კი, ჯანდაცვის უწყებებისა და მედიცინისადმი უნდობლობის გაჩენა ხალხში.

თუ რას ფიქრობს მარნეუელი მოსახლეობა კოროავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ.

„ აცრას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ მეშინია. ახლა არის ინფორმაცია რომ ეს ვაქცინა ასაკოვან ადამიანებზე, ვისაც ქრონიკურლი დაავადება აქვს  ცუდად მოქმედებს. მოკვდი ან ეს ვაქცინა გაიკეთე  - რა მნიშვნელობა აქვს. ადრე მაქვს აცრა გაკეთებული. მაგალითად გრიპის, ბუნებრივი ვირუსების წინააღმდეგ წამლებს იღებ, მკურნალობ და საშველი არის. მაგრამ არის ისიც, რომ ადამიანის ხელით შექმნილი ვირუსი სხვაა. ამ გზით ადამიანების მოკვლა უნდათ. ეს ვირუსი არ დამთავრდება. არის დაავადაება, მაგრამ შექმნილია და ბუნებრივი თუა მაგის არ მჯერა“- ამბობს რუბაბა მუხტაროვა

„ვაქცინას თუ გააკეთებენ ვფიქრობ, დაავადება აღარ იქნებოდა და კარგია. კორონავირუსის არსებობა არ მჯერა. მთელი მსოფლიო ამას ებრძვის. პანდემიის პერიოდშიც კი გვქონდა სირთულეები. გზები ჩაიკეტა, სამსახური არაა და ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო“

„ჩვენ არ ვიცით ვაქცინის შედეგი რა იქნება. როგორც ხალხი , მეც ისე გავაკეთებ ვაქცინას. არც ერთი ქვეყანა ვერ დააზარალებს თავის ეკონომიკას. ახლა ყველგან დახურულია რესტორნები, კაფეები, საზღვრები ჩაკეტილია. გადასახადს არ იხდიან. პანდემიის პერიოდში გარეთ ვერ გავდიოდით, ძირითადად კი იმ ადამაინებისთვისაა რთული, რომელიც მუშაობს. სახლში ზიხარ. ადამიანი უმუშევრობის გამო ავად გახდება“- თქვა ნარიმან ჰაჯიევმა

„ვირუსის პრევენციისათვის , რა თქმა უნდა , ვაქცინა აუცილებელია. თუ საჭიროა აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, პანდემიის პეროდში ჩვენც გვქონდა სირთულეები. გაკვეთილების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, მასწავლებელთან კომუნიკაცია, გაკვეთილების ჩაბარება, განხილვები. პირდაპირი კომუნიკაცია კარგია“- ამბობს ალია ალიევა

„არა არ გავაკეთებინებ ვაქცინას, მე არ მემართება დაავადებები. ერთხელ სიკვდილს გადავურჩი და მეორედაც მოვახერხებ. არაფერიც არ მოხდება. კორონავირუსი არა, მაგრამ მძიმე დაავადება დამემართა. სახელი დაარქვეს კორონა და ანალიზებზეც არ გამოვიდა კორონა. საავადმყოფოშ დავწექი და წნევა მქონდა. 3 დღე კლინიკაში, 15 დღე სახლში დავწექი. ალბათ კორონა არ არსებობს“- ამბობს ჰამაილ მუსაევა

„100 პროცენტი გავაკეთებინებ აცრას, დაავადება არ დამემართოს, თავი უნდა დავაზღვიო. თუ სიკვდილი მოაქვს ამ დაავადებას რა თქმა უნდა მეშინია. შევეცდები რომ ჯანმრთელი ვიყო“-ამბობს თაგი გუმბათოვი.

გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ მოსახლეობაში აზრთასხვადასხვაობაა. ზოგიერთი ვაქცინის ქვეყანაში შემოტანას დადებითად, ზოგი კი უარყოფითად აფასებს. ბევრს სჯერა უსაფუძვლოდ გავარცელებული დეზინფორმაციის და ფიქრობენ, რომ ვაქცინებს ადამიანების რაოდენობის შემცირებისათვის აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სხდომაზე საქართველოში ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცეს. გეგმის პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე.

გაბუნიას განმარტებით, გეგმის ძირითადი ამოცანა ვაქცინაციით მოსახლეობის 60%-ის მოცვაა. მისი თქმით, ამის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობა იქნება დაცული და სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, ეკონომიკა გახსნას უსაფრთხოდ და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები აღმოფხვრას.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები