ჩოლოყაშვილზე წაქცეული გარე განათების ბოძის დასამონტაჟებლად სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან
ქალაქ მარნეულში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე დაზიანებული გარე განათების ბოძი შპს „სუფთა მარნეულმა“ ამოიღო, მაგრამ მას უკან, ამ ეტაპზე, ვეღარ აბრუნებს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, რომ ბოძის უკან ჩასასმელად სპეციალური ტექნიკაა საჭირო, რომელიც მათ არ ჰყავთ.

„ჩვენ სპეციალური საბურღი ტექნიკა არ გვყავს, „ენერგო-პრო“-ს აქვს და მათ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ როგორც გვითხრეს მათი ტექნიკაც გაფუჭებულია და დაგვპირდნენ, რომ კვირის ბოლომდე შეაკეთებდნენ“ - განაცხადა ლერი მუმლაძემ

მუმლაძის განმარტებით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გარე განათების ბოძის დაზიანება არასწორად განხორციელებულმა პროექტმა გამოიწვია, რადგან ბოძი მიწაში იყო ჩაბეტონებული.

„ეს სპეციალური ტექნიკა ბურღივითაა და პირდაპირ მიწაში აგდებს ბოძს და აღარაა საჭირო დამატებითი გამაგრებები. თავიდანვე რომ დააყენეს ეს ბოძები მიწაში ჩააბეტონეს რაც არ შეიძლება, ამის გამო წაიქცა ბოძი“ - გვითხრა ლერი მუმლაძემ

აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულმა“ ამავე ბოძთან დაკავშირებით მასალა 2020 წლის 16 ნოემბერს მოამზადა, მაშინ მარნეულის მერიაში გვითხრეს, რომ ბოძს ახლო მომავალში შეაკეთებდნენ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 5 თებერვალს, მერიაში გვითხრეს, რომ დაზიანებულ გარე განათების ბოძს მარნეულის მერია მოსახლეობის ოფიციალური მიმართვის გარეშე ვერ შეაკეთებდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები