შულავერში სარწყავ არხს კანალიზაცია მიუერთეს, რაც გაუსაძლის სუნს და ანტისანიტარიას ქმნის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარწყავ არხებში მოსახლეობა კანალიზაციას უშვებს. კანალიზაციის წყლით ირწყვება მიწები და მოდის მოსავალი, შემდეგ კი ეს მოსავალი ქვეყნის მასშტაბით გასაყიდად გააქვთ.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც მოსახლეობა სარწყავ არხში კანალიზაციას უშვებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ე.წ მე-13 უბანშია. ამ უბანში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. ამ უბნის მოსახლეობის ნაწილს ეზოში სპეციალური საკანალიზაციო ჭები აქვთ, ხოლო ნაწილი ფეკალიებს პირდაპირ არხში უშვებს.

შულავრის მკვიდრი 34 წლის შალა ალიევი ე.წ მე-13 უბანზე 12 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, სარწყავი წყლის არხი პირდაპირ მის ეზოში შედის რაც არასასიამოვნო სუნს იწვევს და ეზოში გაჩერება შეუძლებელი ხდება.

„ჩვენი პრობლემა ისაა, რომ კანალიზაციას უშვებენ ამ არხში. არხი ყოველთვის არ მოდის, თვეში ერთხელ რომ უშვებენ მთელი ნაგავი ერთად მოდის და ჩემს ეზოში გროვდება. სუნში ვერ ვჩერდებით. სახელმწიფოს მივმართავ, რომ ეს არხი დასახლებული პუნქტიდან გარეთ გაიტანოს. როდესაც წყალი მოდის და ხალხი ნაკვეთებს რწყავს ღამის 2-3 საათზე ვხედავ ხოლმე ჩემს ეზოში, არხის გასაწმენდად, შემოსულ ხალხს. მეზობლებთან ყოველდღიური კონფლიქტი გვაქვს. აქ ორი კორპუსია და ყველა ამ არხში უშვებს ფეკალიებს. როდესაც მივმართე შესაბამის ორგანოებს მოვიდნენ, აქაურობა დაათვალიერეს და წავიდნენ. არც გაუწმინდავთ და სხვა რამეც არ გაუკეთებიათ“ - გვითხრა შალა ალიევმა

72 წლის სიასტ ალახვერდიევა სოფელ შულავერში, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად დაახლოებით 10 წლის წინ გადავიდა. როგორც გვიყვება, 10 წლის განმავლობაში სახლის ეზოში ერთხელაც არ დამჯდარან მშვიდად დასასვენებლად. ალახვერდიევას თქმით, ზაფხულში სიცხეების გამო, ბაღში გუბეები იქმნება და ეზო გველებით, ბაყაყებითა და თაგვებით ივსება.

„წყლით, რაც გინდა, ყველაფერი მოდის და ჩემს ეზოში ჩერდება. როდემდე უნდ ვწმინდოთ? მეც და ჩემი ქალშვილიც დავიღალეთ მაგ არხის წმენდით. ახლა მიდით და ნახეთ რა დღეშია. ჩემი ეზო არის კანალიზაცია. ფეკალიებს, ყველაფერს, უშვებენ და ჩემს ეზოშ მოდის. პამპერსი, ნაგავი, ქაღალდი ყველაფერი მოდის. სუნისაგან ვერ ვჩერდებით აქ. ზაფხულში ნაგვიდან გველები როგორ გამოდიან იცით?! ვშიშობთ, რომ სახლებში არ შევიდნენ. ეს არხი გაიყვანონ სხვაგან. მე ჩემს ეზოში ვერ ვჯდები და ვერ ვჭამ საჭმელს. სტუმრები არ მოდიან ჩემთან. ვიცნ შემოდის ყველა მეუბნება ეს რა სუნია საიდან მოდისო“ - გვეუბნება სიასტ ალახვერდიევა

არხიდან წამოსული სუნი სოფლის სხვა მაცხოვრებლებსაც აწუხებთ. უბნის მოსახლეობა ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

„არ ვიცი ზემოთ სად კეტავენ ამ წყალს, ამის გამო ჩვენს არხში წყალი საერთოდ არ მოდის. არხი როცა გადის კანალიზაციასაც მანდ უშვებენ. ახლა ვთხოვთ, რომ ეს არხი გააკეთონ“.

„მე პატარა შვილები მყავს. ზაფხული მოდის და სუფთა ჰაერის ნაცვლად მიკრობებს ვსუნთაქვთ. არ შეიძლება რომ ყველა ურნაში ჩაყაროს ნაგავი. აქაც ხომ უბანია ადამიანები ცხოვრობენ“.
- გვეუბნება შულავრის ე.წ მე-13 უბნის მოსახლეობა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს მელიორაციის, ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ განაცხადა, რომ მელიორაცია მის ბალანსზე არსებული სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას გეგმავს. შუკაკიძეს არ ამბობს თუ რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი სოფელ შულავრის სარწყავ არხზე, მაგრამ აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა ოფიციალურად მიმართავს პრობლემას მოაგვარებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები