404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
არაკოვიდინფიცირებული პაციენტები ჯანდაცვის სისტემის მიღმა
მოლოდინი ძლიერი ტკივილების ფონზე - ასეთია ორი მარნეულელი ქალის, 62 წლის გულზადა მამედოვასა და 54 წლის ირინა ცოის ყოველდღიურობა. ისინი დღემდე ელიან სამედიცინო დახმარებას, რომელიც ვერ მიიღეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო.
მარნეულის ჩაკეტვისა და შექმნილი სოციალური პრობლემების მიზეზით, გულზადა მამედოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. რვა წელია, ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის. პარალელურად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აწუხებს. გულზადას რამდენიმე თვის წინ ფეხზე ინფექცია შეეჭრა. ოპერაცია თბილისში უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გამო, მუნიციპალიტეტის დატოვება ვერ შეძლო. ქირურგიული დახმარების მისაღებად მარნეულის კლინიკას მიაკითხა. როგორც თავად ამბობს, ექიმებმა მისი სხვა დაავადებები არ გაითვალისწინეს, რამაც ოპერაციის შემდეგ ფეხის შეშუპება გამოიწვია.

გულზადას სახელმწიფომ ოპერაცია ნაწილობრივ დაუფინანსა. მის ოჯახს დარჩენილი თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მამედოვას ექვსსულიან ოჯახი ჰყავს. მეუღლე დღე და ღამე მუშაობს, რომ გულზადას წამლები უყიდოს, ექიმთან წაიყვანოს და ბანკის კრედიტი დაფაროს. ოჯახის დასახმარებლად მათი ვაჟი რესტორანში მუშაობდა, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ეს წყარო დაიხურა. ბოლო წლებში გულზადას მკურნალობის გაზრდილი ხარჯის გამო, მამედოვების ოჯახი დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებდა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მეუღლის ოფიციალური შემოსავლის სოციალურად დაუცველის სტატუსზე უარის მიზეზი გახდა. სიმსივნე პროგრესირებს, მაგრამ ოჯახი საჭირო მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებს.



გულზადას მსგავსად, მარნეულის ჩაკეტვის გამო (2020წლის 23 მარტი) ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა ირინა ცოისაც. ირინა დაახლოებით ორი წლის წინ დაეცა და ხერხემლის მოტეხილობა მიიღო. ექიმს წაქცევიდან ხუთი თვის შემდეგ მიმართა. იკეთებდა წამლებს, სვამდა ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ უშედეგოდ. ვითარება დამძიმდა. ირინა საოპერაციოდ ემზადებოდა და თურქეთიდან ექიმის ჩამოსვლას ელოდა. პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჩაიკეტა მარნეული. 2020 წლის 24 მარტს კი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გეგმიური ოპერაციების ოთხი თვით გადავადების შესახებ განაცხადა. ირინასთვის ეს განაჩენივით ჟღერდა.

„საერთოდ ვერ დავდიოდი, პარალიზებული ვიყავი. ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა და სამედიცინო დახმარება მესაჭიროებოდა, უბრალოდ ამის მიღების შანსი არ მქონდა. ფული საერთოდ არ მქონდა და ვერსად ვერ მივდიოდი. მარნეულში საავადმყოფოში რომ ვიყავი, მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა, რენტგენმა ვერაფერი აჩვენა და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია უნდა გადამეღო, მაგრამ ფული არ მქონდა, ძვირი ღირს და მარნეულსაც ვერ დავტოვებდი. ასე ვიყავი დიდი ხანი, სანამ ადამიანები არ დამეხმარნენ“.

2020 წლის მაისში მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხნა, მაგრამ ირინა მაინც ვერ ახერხებდა დედაქალაქში წასვლას. საჯარო ტრანსპორტი არ მუშაობდა, ტაქსის ფული კი არ ჰქონდა. მოტეხილობის შემდეგ, პირველი ოპერაცია 22 ოქტომბერს გაიკეთა. მკურნალობის თანხა მთლიანად მოქალაქეების დახმარებით შეაგროვა. ოპერაციის გაკეთებიდან ორი თვის შემდეგ ისევ ცუდად გახდა. ირინას 76 წლის დედა უვლის, რადგან გადაადგილება არ შეუძლია. დახმარებისთვის მარნეულის მერიას და ცენტრალურ მთავრობასაც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული გეგმიური ოპერაციების დაფინანსება, მთავრობის დადგენილებით (N688), 2020 წლის 10 ნოემბრიდან კვლავ შეჩერდა. მიზეზი გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იყო. კორონავირუსის პანდემიის დროს გადაუდებელი და გეგმიური პაციენტების მკურნალობის მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულში 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 322-ით ნაკლები გეგმიური ოპერაცია დაფინანსდა. 2019 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გეგმიური ოპერაცია 1 023 პაციენტს დაუფინანსდა, ხოლო 2020 წელს 701-ს. შემცირებულია მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაფინანსებული გადაუდებელი მკურნალობის რაოდენობა და ხარჯიც. 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მარნეულში 11 363 გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება დააფინანსა, ხოლო 2020 წელს 8 273.

გადაუდებელი სტაციონარული და გეგმიური ქირურგიული მომსახურების რაოდენობა და დაფინანსება 2020 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა. მეორე მხრივ, მარნეულის მერიიდან მიღებული მონაცემების თანახმად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 549-ით მეტ ადამიანს გაეწია ჯანდაცვის მიმართულებით დახმარება. 2019 წელს მერიამ 2 679 მოქალაქე დააფინანსა, ხოლო 2020 წელს 3 228. აქ იგულისხმება როგორც ერთჯერადი სამედიცინო დახმარება, ასევე მრავალჯერადი, რომელიც მოიცავს მედიკამენტების თანხის და სხვა სამედიცინო სერვისის მიღების დაფინანსებასაც. გულზადა და ირინა ამ სიაში ვერ მოხვდნენ.

ჯანდაცვის მომსახურეობაზე მოსახლეობას ხელი რომ არ მიუწვდება თბილიში აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიუი ინსტიტუტის (NDI) კვლევა მეტყველებს. 25 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რას დაასახელებდნენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად. გამოკითხულთა უმეტესობამ მთავარ გამოწვევად წამლების საფასური დაასახელა. ასევე, საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორონავირუსის დროს, სამედიცინო მუშაკთა პროფესიონალიზმი, ექიმთან ვიზიტების საფასური და სხვა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად ჯანდაცვის სფერო განისაზღვრა. სამინისტრომ სამუშაოს ძირითადი ნაწილი მხოლოდ კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისაკენ მიმართა. ამან სხვა დაავადებების მქონე მოქალაქეების მდგომარეობა გაართულა. საავადმყოფოების ნაწილი ცხელების ცენტრებად და კოვიდკლინიკებად გადაკეთდა, ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რის გამოც ამბულატორიებს არ ჰქონდათ სიცხიანი პაციენტის მიღების უფლება, გართულდა ქრონიკული ავადმყოფების მკურნალობა, შეიზღუდა გეგმიური ქირურგიული დახმარება.

2020 წლის 23 მარტს მარნეულის და ბოლნისი მუნიციპალიტეტების კარანტინში გადაყვანის შემდეგ, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობასთან დაკავშირებით, გაიზარდა მიმართვიანობა სახალსო დამცველის აპარატში.

„ ეს ორი მუნიციპალიტეტი, მარნეულიც და ბოლნისიც, დიდწილად დამოკიდებულები არიან თბილისზე და მოსახლეობის უმეტესობა მკურნალობისთვის მიდის თბილისში, იქ ხდება გარკვეული მომსახურებების მიღება. ეს არაა მხოლოდ სამედიცინო ჩარევის კუთხით, არსებობენ პაციენტები, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს მხოლოდ თბილისიდან, ვინაიდან მარნეულში ეს წამლები ხელმისაწვდომი არაა. შესაბამისად, ბევრმა მოქალაქემ მოგვმართა ჩვენ იმის თაობაზე, რომ დანიშნული ჰქონდა ოპერაცია და უწევდა თბილისში წასვლა, მაგრამ ვერ მიდიოდა. მართალია, მარნეულის მასშტაბით ბევრს შეექმნა პრობლემები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ უფრო მეტ ადამიანს შეექმნა პრობლემები ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ვინაიდან ისინი სამედიცინო მომსახურეობას ძირითადად მარნეულში იღებდნენ და მედიკამენტებსაც აქ ყიდულობდნენ. ეს მოქალაქეები მარნეულშიც კი ვერ ჩამოდიოდნენ“. - გვეუბნება სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში მურად მურადოვი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციებიდან ერთი კონკრეტულად მარნეულიში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ეხებოდა. მარნეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანულენოვანია, სახალხო დამცველი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სხვადასხვა ღონისძიების გატარებისაკენ მოუწოდებს, რათა ადგილობრივების ინფორმირებულობა გაიზარდოს.

„მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ, რომ მოქალაქეებმა უბრალოდ არ იცოდნენ თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ვგულისხმობ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ კუთხით სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ სათანადოდ მომხდარიყო მოქალაქეების ინფორმირება. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ეს პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. შესაძლებელია, სახელმწიფოს მხრიდან არის გარკვეული სერვისები, რომლითაც მოქალაქეებმა შეიძლება ისარგებლონ, მაგრამ ამის შესახებ ადგილზე მოსახლეობას ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ აქვს. ჩვენ დღესაც აქტიურად ვმუშაობთ და თითქმის ყოველდღიურადაა მომართვიანობა სწორედ სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობის საკითხზე“, - ამბობს მურად მურადოვი

სახალხო დამცველის წარმომადგენლის მსგავსად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ამახვილებს ყურადღებას იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტ-სპეციალისტი ლალი ალუდაურიც. მისი განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას სერვისები, რომელიც ს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებსაც კი, ჯანდაცვის მომსახურეობით უზრუნველყოფს.



საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორამაციის მიხედვით, ქვეყანაში ჯანდაცვის 21 სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომელიც სხვადასხვა სახის სერვისსა და დახმარებას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ირინას და გულზადას დღემდე უწევთ აუტანელი ტკივილების გაძლება და ლოდინი. 1 მარტიდან აღდგება გეგმიური ოპერაციები, თანდათან მოიხსნება სხვა შეზღუდვებიც, ეს ნაწილობრივ შეუმსუბუქებს მდგომარეობას პაციენტებს, თუმცა სამედიცინო სერვისები მათთვის სრულად ხელმისაწვდომი მაინც ვერ გახდება.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია