მარნეულის გენდერული საბჭო 54 შეჭირვებული ოჯახის დახმარებას აპირებს
მარნეულის მასშტაბით 54 შეჭირვებული ოჯახის დახმარება იგეგმება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში, ია ესებუამ, მაჟორიტარ დეპუტატებს ადმინისტრაციული ერთეულებიდან სამი ყველაზე შეჭირვებული ოჯახის სიის შედგენა სთხოვა, რათა შემდგომში გენდერული თანასწორობის საბჭომ მათ დახმარება აღმოუჩინოს.

„გვინდა, რომ გენდერულმა საბჭომ თითოეულ თემში პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ და შეჭირვებულ ოჯახებს გავუწიოთ რაიმე სახის დახმარება. ჩვენ ამ ოჯახებს კრიტერიუმი ვერ მივუნიჭეთ რადგან, პრაქტიკიდან გვაქვს ესეთი შემთხვევები, რომ შეჭირვებული ოჯახები არსებობენ, რომელსაც შესაძლოა ინფორმაციის არარსებობის გამო არ აქვთ ქულები მინიჭებული ან პატარა საბუთის გამო შეწყვეტილი აქვთ სოციალური დახმარება. კომისიურად შემოწმების საფუძველზე, მაჟორიტარების მიერ მოტანილი სიებიდან, შევარჩევთ ოჯახებს, იქ შეიძლება იყვნენ მრავალშვილიანები, ან მარტოხელა მშობლები, ან უბრალოდ შეჭირვებული ოჯახები“. - გვითხრა ია ესებუამ

გენდერულ საკითხებში საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის განმარტებით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე თუ შესაძლებელი იქნება, გენდერული თანასწორობის საბჭო შეჭირვებული ოჯახების გადამოწმებას მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. გადამოწმების შედეგად საბჭო განსაზღვრავს თუ რომელ ოჯახს რა სახის დახმარება გაუწიოს.

„თითოეულ ოჯახს განსხვავებული საჭიროება შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ყველა მათგანისათვის ერთი სახის დახმარების გაწევა მიზანშეწონილი არ იქნება. ჩვენ ზეპირი შეთანხმება გვაქვს ჩვენს საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურთან, რომლის ხელმძღვანელიც ახლახან საბჭოს წევრი გახდა, და ჩვენ უკვე შევჯერდით იმაზე, რომ შემდგომში, როდესაც უკვე მოვიტანთ ჩვენ საჭიროებებს ამის შემდეგ გამოიყოფა შესაბამისი თანხები ბიუჯეტიდან. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება გრანდიოზული თანხები, თუმცა არც ძალიან მცირე თანხები არ იქნება“.

ესებუას განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს პირველად ხორციელდება. სწორედ ამიტომ გენდერულმა საბჭომ პირველ ეტაპზე თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან სამი ოჯახის არჩევა გადაწყვიტა, რათა ნახოს თუ რამდენად კარგად იმუშავებს ახალი პროგრამა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები