სიახლე
მარნეულის კოლეჯში ქართული ენის შესწავლა 1+4 პროგრამაზე ეფექტური იქნება - განათლების მინისტრის მოადგილე
დღეს, 10 ივნისს, მარნეულში კოლეჯი „მოდუსის“ გახსნასთან დაკავშირებით პარტნიორ ორგანიზაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორმა პავლე თვალიაშვილმა განაცხადა, რომ მარნეულში კოლეჯი ფუნქციონირებას წელს დაიწყებს. მიღებები ზაფხულში გამოცხადდება, ხოლო სტუდენტების პირველ ნაკადს სასწავლო დაწესებულება შემოდგომით მიიღებს.

„კოლეჯი არის პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება. დღეს ჩვენ ვხვდებით ადგილობრივ დამსაქმებლებს, ბიზნესმენებს, რომლებსაც ჭირდებათ პროფესიონალი კადრი. შეხვედრის მიზანია რომ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ კოლეჯის მზაობა პროფესიული პროგრამების განხორციელებისადმი და მოვიწვიოთ პარტნიორობისათვის როგორც ბიზნეს ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები“ - განაცხადა პავლე თვალიაშვილმა

პროგრამები, რომელსაც კოლეჯი „მოდუსი“ მარნეულში განახორციელებს დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კოლეჯის მარნეულის მენეჯერმა ნინო მთვარელიძემ განაცხადა, რომ ოქტომბრიდან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განხორციელდება.

„ეს პროგრამები მოიცავს მეხილეობას, მებოსტნეობას. ასევე, სწავლის მსურველებს ჩვენი კოლეჯის ბაზაზე საშუალება ექნებათ დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან და შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, როგორიცაა ელექტროობა, ასევე არის რეგიონული ტურისტული მეგზურის მომზადება-გადამზადების პროგრამა, ბუღალტერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და აღმზრდელის პროგრამა. ეს ყველა პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებითაა“. - განაცხადა ნინო მთვარელიძემ

შეხვედრაზე იმყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოში ეკონომიკური ზრდის დინამიკით გამოირჩევა, რის გამოც მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი განმარტებით, კოლეჯში განათლების მიღება როგორც ზრდასრულებს, ასევე ახალგაზრდებსაც შეეძლებათ, რათა ეკონომიკამ სწრაფად მიიღოს თანამედროვე სტანდარტით მომზადებული კადრი.

„ჩვენ უკვე ვემზადებით კოლეჯის გახსნისთვის, სექტემბრიდან უკვე გაიხსნება კოლეჯი და მიიღებს პირველ სტუდენტებს, ასევე მომზადება-გადამზადების პროგრამებზე ველით ზრდასრულებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც დამსაქმებლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გაიმართა მსჯელობა და დისკუსია იმასთან დაკავშირებით თუ რა ესაჭიროება მუნიციპალიტეტს, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. სამინისტროს მხრიდან გამოცხადებული სრული მხარდაჭერა რათა რეგიონალური საჭიროებები დაკმაყოფილდეს“ - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა

კოლეჯში სწავლების პროცესი ქართულ ენაზე გაიმართება. რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, ექნებათ თუ არა არაქართულენოვან მოსახლეობას პროფესიული განათლების მიღებამდე ქართულ ენაში მომზადების კურსების გავლის შესაძლებლობა, მინისტის მოადგილე გვპასუხობს, რომ პროგრამა, რომლითაც კოლეჯში არაქართულენოვანი მოსახლეობა გადამზადდება, 1+4 პროგრამაზე უფრო ეფექტური იქნება.

„აქ იქნება ძალიან მოქნილი ქართული ენის პროგრამების შეთავაზებაც. ეს პროგრამა და ეს მიდგომა, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ იქნება ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტური, ვიდრე 1+4 პროგრამა უმაღლეს განათლებაში. ქართული ენის პროგრამა იქნება ძალიან მოქნილი, იქნება შერეული პრინციპით, როგორც დისტანციურად, ასევე პირისპირ. მორგებული იქნება თავიდან ბოლომდე მომხმარებელზე და შესაბამისად მისცემს შესაძლებლობას როგორც ახალგაზრდებს, ასევე ზრდასრულებს რომ ისწავლონ ქართული ენა იმგვარად, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ წლის განმავლობაში ჩაერთონ სხვადასხვა პროფესიულ პროგრამებში“. - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა

კოლეჯში სწავლის დაწყებაში დაინტერესებულ პირებს აპლიკაციების წარდგენა და რეგისტრაციის გავლა 5 ივლისიდან შეეძლებათ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია