მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და მამამისი მოკლა, ხოლო ყოფილი ცოლის დედა და ძმა დაჭრა

20 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში ორი ადამიანი მოკლეს, ხოლო ორს ჭრილობა მიაყენეს.

გარდაცვლილების მეზობელმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და მამამისი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მან ასევე დაჭრა ყოფილი ცოლის ძმა და დედა.

დაჭრილები ამ ეტაპზე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მოკლულის დედა მკურნალობას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში გადის. როგორც ამავე სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, ქალს ზედა კიდური აქვს დაზიანებული, ჭრილობა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ზემო სარალელების ცნობით, მკვლელი მეუღლესთან დიდი ხნის გაშორებული იყო. მათი თქმით, ყოფილი მეუღლის სახლში გუშინ შესარიგებლად მივიდა რა დროსაც ყოფილი ცოლის ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა და ყოფილ მეუღლეს და მამას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო ძმა და დედა დაჭრა.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით დამნაშავე უკვე დაკავებულია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი - 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის - 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის - 1996 წელს დაბადებული ა.პ. - ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები