სიახლე
მარნეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულებმა მერიასთან აქცია გამართეს
დღეს, 21 ივლისს, მარნეულის მერიის წინ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობისაგან კუთვნილი ანაზღაურების აღებაში დახმარებას ითხოვენ.

„დარგალს ველოდებით, არც დარგალია და არც ქალაქის მერია. ამდენი ხალხი აქ ვართ შეკრებილი იმიტომ, რომ ფულები გვაქვს ასაღები. გვამუშავეს და არ მოგვცეს ფული. გვპირდებიან, მაგრამ ფულს არ იძლევიან“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე

„აკელიკ გრუპმა“ რომელიც მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემას აწყობდა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან „ტერა გრუპ“-თან გააფორმა. დასაქმებულებს ხელფასები ორივე კომპანიიდან აქვთ ასაღები.

აქციის მონაწილეებს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა. როგორც მან უხელფასოდ დარჩენილ დასაქმებულებს უთხრა, რამდენიმე დღეა რაც კომპანია „ტერა გრუპ“-ის წარმომადგენლებს ვერ უკავშირდებიან.

„ხელფასების გარდა არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც უკავშირდება ამ პროექტს. ესაა გადათხრილი გზები, ესაა ბოლომდე არ დასრულებული პროექტი და ჩვენ რამდენჯერმე სამინისტროს დონეზე, მინისტრის მოადგილესთან ერთად, შევხვდით ტერას ახალ მფლობელს, აკელიკის ხელმძღვანელობასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. ხელისუფლება, მთავრობა, ცენტრალური თუ ადგილობრივი, მაქსიმალურს ვაკეთებთ რომ ეს პროექტი გაგრძელდეს და დასრულდეს. სირთულეები არის, რაც პირდაპირ კომპანიის პასუხისმგებლობას ეკისრება. მექნება დღეს ტერას მფლობელთან, ხელმძღვანელობასთან, კომუნიკაცია. ყოველ კვირას მაქვს მე კომუნიკაცია ამ კომპანიებთან. ხელფასების თემაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ და შედეგს რაც შეეხება, შედეგი იქნება. ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ პასუხისმგებლობა, რაც კომპანიას აქვს აღებული, შეასრულოს როგორც თანამშრომლების, ისე მოსახლეობის წინაშე“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი უხელფასოდ დარჩენილ დასაქმებულებს დახმარებას დაჰპირდა. თავის მხრივ აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებულებმა აქცია, 20 ივლისს, კომპანია „აკელიკ გრუპის“ ოფისის წინაც გამართეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს გასულ თვეებშიც, პერმამენტულად, ატარებდნენ. ისევე როგორც ახლა, მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღება იყო. 26 აპრილს, „აკელიკ გრუპის“ მიერ დასაქმებულებმა მარნეულის მერიის წინ კიდევ ერთი აქცია გამართეს. ამ აქციის მსვლელობისას თანამშრომლებს ხელფასების ნაწილი გადაუხადეს და დაჰპირდნენ, რომ სრულ ანაზღაურებას მალე მიიღებდნენ, მაგრამ პირობა აღარ შეუსრულებიათ.

კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 აპრილამდე მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია