რა ფორმით დაეხმარება მერია მარნეულში წყალმომარაგების მშენებლობაზე უხელფასოდ დარჩენილებს
დღეს, 26 ივლისს, მარნეულის მერიის წინ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებულებმა აქცია კიდევ ერთხელ გამართეს. აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობისაგან კუთვნილი ანაზღაურების აღებაში დახმარებას ითხოვენ. „აკელიკ გრუპმა“ რომელიც მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემას აწყობდა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან „ტერა გრუპ“-თან გააფორმა. დასაქმებულებს ხელფასები ორივე კომპანიიდან აქვთ ასაღები. როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ განუცხადა, გარკვეულ კონსესუსამდე მივიდნენ. ტაბატაძის თქმით, კომპანიებიდან გამოითხოვენ ასანაზღაურებელი თანხების მონაცემებს და შესაბამის უწყებებს გადაუგზავნიან.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას არანაირი შეხება არ აქვს, იმიტომ, რომ ეს იყო საერთაშორისო ტენდერი და არანაირი მონაწილეობა ხელშეკრულების გაფორმებაში არ მიგვიღია. შესაბამისად სხვა რაიმე ვალდებულება არ გვაქვს. თუმცა ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან და მე ვალდებული ვარ და არც ვაკლებ მცდელობას მაქსიმალურად დავუდგე მხარში. ჩვენი შეხვედრა დასრულდა ასე, რომ გამიკეთებენ სიას, ვის რა თანხა ეკუთვნის „აკელიკიდან“ და „ტერადან“. მე ამ სიას, შესაბამისი ტექსტით, რა თქმ უნდა, გადავაგზავნი იქ სადაც საჭიროა, რომ მაქსიმალურად მიიღონ ზომები“
- ამბობს ზაურ ტაბატაძე.

აქციაზე მისული იყო „აკელიკ გრუპის“ იურისტი ტოგო უჩაიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დასაქმებულებს მათი კომპანია უახლოეს მომავალში აუნაზღაურებს დავალიანებას, თუმცა, კონკრეტულად როდის, უცნობია.

„აკელიკს რა დავალიანებაც აქვს მარნეულის მუშა ხელის და ტექნიკების, დაიფარება უახლოეს მომავალში. მე ახლა, მერთან ვარ დაბარებული, უნდა ავუხსნა რა გვიშლის ჩვენ ხელს. არის გარკვეული ხელისშემშლელი გარემოებები, რომელზეც საჯაროდ არ მაქვს ამის ლაპარაკის უფლება. შესაძლებელია შემდგომ სამართალდამცავ ორგანოებსაც მივმართო ამ საკითხით. ჯერ უნდა დავილაპარაკოთ. უახლოეს დღეებში მოხდება „აკელიკის“ დავალიანების გადახდა. ჩვენ ვართ ძირითადი ქვეკონტრაქტორები, ჯერ ჩვენ უნდა ჩაგვერიცხონ თანხა და შემდეგ, „ტერაც“ მიიღებს ბუნებრივია მის წილ ნამუშევარ თანხას. ჩვენ „ტერა გრუპის“ შიდა სამზარეულოში ვერ შევდივართ და არ ვიცით ვისთან აქვს დავალიანებაა და რა სახის“ - ამბობს ტოგო უჩაიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს გასულ თვეებშიც, პერმამენტულად, ატარებდნენ. ისევე როგორც ახლა, მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღება იყო. 26 აპრილს, „აკელიკ გრუპის“ მიერ დასაქმებულებმა მარნეულის მერიის წინ კიდევ ერთი აქცია გამართეს. ამ აქციის მსვლელობისას თანამშრომლებს ხელფასების ნაწილი გადაუხადეს და დაჰპირდნენ, რომ სრულ ანაზღაურებას მალე მიიღებდნენ, მაგრამ პირობა აღარ შეუსრულებიათ.

კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 აპრილამდე მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები