5 434-ით - 0 - წინასაარჩევნო და აცრის კამპანიის შედეგები მარნეულში
27 მასშტაბური შეხვედრა მოსახლეობასთან, 15 ბანერი, ბროშურები და სატელევიზიო რეკლამა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის სტატისტიკაა მარნეულში. 2 ბანერი მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის დაწყების დღიდან და 404 აცრილი ადამიანი 17-დან 25 ოქტომბრის პერიოდში - ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის შედეგებია. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მარნეულში აცრილთა სრული რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის. მმართველმა პარტიამ მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვა 19 აგვისტოს დაიწყო. მერობის კანდიდატი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვია, მოსახლეობას გააცნო მაჟორიტარობის კანდიდატები, მოისმინა მათი პრობლემები და მერად აირჩევის შემთხვევაში, მოგვარებასაც დაჰპირდა. რამდენ სოფელში გავიდნენ მერიის თანამშრომლები, ან რამდენგან გაუწიეს ორგანიზება მოქალაქეების სპეციალისტებთან შეხვედრას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ვცადეთ გაგვერკვია, რა ძალისხმევას და რესურსს ხარჯავს ხელისუფლება არჩევნებზე და მოქალაქეების აცრის აუცილებლობაში დარწმუნებაზე, რაც მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებას უზრუნველყოფს.

მარნეულში ვაქცინაციასთან დაკავშირებული ბოლო საინფორმაციო კამპანია 16 აგვისტოს გაიმართა. მაშინ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა, მარნეულის მერიის დახმარებით, სოფლებში საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. ძირითადი მიზანი ვაქცინაციისაკენ მოწოდება და მოსახლეობისათვის კორონავირუსისაგან თავდაცვის მექანიზმების გაცნობა იყო. მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ წოფში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საინფორმაციო ბროშურებთან ერთად სამედიცინო პირბადეები გადასცა. ამ საჩვენებელი შეხვდერით ამოიწურა აცრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების პროცესი. სოფლების უმრავლესობაში მცხოვრებ რიგით მოქალაქეებამდე კი ის საინფორმაციო ბროშურებიც არ მისულა, რაც მერის წარმომადგენლებს გადასცეს. მათი უმრავლესობა მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებში, ჩაიხანებსა და სოფლის „ბირჟაზე“ დარჩა.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კი ამტკიცებს, რომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურადაა ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. განსაკუთრებით კი იქ, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ბანერი, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს, ქალაქში მიმდინარე წლის ივნისში განათავსა.

„მუნიციპალიტემა შპს „ალმასთან“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაამონტაჟა ბანერები, რათა მოსახლეობას საყოველთაო იმუნიზაციის შესახებ ინფომრაცია ბანერის სახით ჰქონოდ. ამას გარდა, შერიგებისა და ინტეგრაციის სამინისტროსთან შეთანხმებით მათგან მივიღეთ ფლაერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა სცოდნოდა მოსახლეობას და როგორ უნდა დაეყვანა მინიმუმამდე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ჩვენმა თანამშრომლებმა ეს ფლაერები დაარიგეს სოფლებში“, - აღნიშნა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ.

ზაურ ტაბატაძის განმარტებით, ის და მერიის სხვა თანამშრომლები ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის აქტიურად იყენებენ ტელეკომპანია „მარნეულის“ ეთერს.

მართალია, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარეობდა წინასაარცევნო პერიოდშიც, მაგრამ შედეგი სრულიად სხვაზე მეტყველებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და დღიურად საშუალოდ 60-70 ადამიანამდე დავიდა. ივნისი-აგვისტოს პერიოდში კი დღეში 200-მდე ადამიანი იკეთებდა ვაქცინას.

ვაქცინაციის კამპანიისგან განსხვავებული შედეგი აქვს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას. სოფელ-სოფელ სიარულმა და მუნიციპალიტეტში განთავსებულმა 20-მა ბანერმა შედეგი მოიტანა და მმართველი გუნდის კანდიდატი, კენან ომაროვი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი გახდა. მას მოსახლეობის 68,12-%-მა გამოუცხადა ნდობა.

აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიების მიერ დახარჯული თანხების ანგარიშები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატის კენან ომაროვის ცხრა ბანერი იყო განთავსებული. ამაში პარტიამ 5 434 ლარი გადაიხადა. რეალურად მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატის ბანერები შპს „ალმას“ და შპს „ბაზას“ 15 კონსტრუქციაზე იყო განთავსებული, რაც არ აისახა ანგარიშში. მიზეზი ის გახლავთ, რომ ექვსი რეკლამის საფასური მერობის კანდიდატმა, მერის ყოფილმა მოადგილემ და რესურსცენტრის ყოფილმა უფროსმა ომაროვმა თავად გადაიხადა. დანარჩენი სარეკლამო ფარების ღირებულება პარტიის ბიუჯეტიდან დაფარეს. კვადრატული მეტრის ფასი კონსტრუქციის ადგილმდებარეობისა და კომპანიის მიხედვით განსხვავებულია და 30 ლარიდან 42 ლარამდე მერყეობს. თუ ამ მონაცემებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის კამპანიის ფარგლებში განთავსებულ ბანერებს შევადარებთ, ასეთ სურათს მივიღებთ:

გამოდის, რომ მერიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში აცრის მოწოდების შვიდჯერ ნაკლები ბანერი განათავსა. სოციალური რეკლამა მას არაფერი დაუჯდა. მაშინაც კი, როცა ბიუჯეტს ეს დამატებით ხარჯად არ აწვებოდა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ არ იზრუნა ხალხის მეტად ინფორმირებასა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე.

კენან ომაროვის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 27 პოსტია გამოქვეყნებული, რომელიც სხვადასხვა სოფელში წინასაარჩევნო კამპანიას ასახავს. 27 სოფელში კანდიდატთან მასშტაბურ შეხვედრაზე სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. უმრავლესობას ეკეთა ნიღაბი, თუმცა სოციალური დისტანცია დაცული არსად არ იყო. ომაროვმა მუნიციპალიტეტის დანარჩენი 57 სოფელი კარდაკარ შემოვლის პრინციპით მოიარა. წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები მარნეულის ყველა სოფელში მივიდნენ, რასაც ვერ ვიტყვით მუნიციპალიტეტში მოძრავი ვაქცინაციის პუნქტზე. ასეთი ავტობუსი მუსიკალური ფესტივალის, One Caucasus-ის მესვეურთა ორგანიზებით, მარნეულის მხოლოდ ხუთ სოფელში გამოჩნდა. შედეგად 197 ადამიანი აიცრა. ერთადერთი, რაც ხელისუფლებამ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში გააკეთა, 20 ოქტომბერს, დროებით, 4 დღით, ორ დასახლებაში გახსნა ვაქცინაციის პუნქტი. სოფლები წერეთელი და თამარისი მარნეულიდან ისედაც 10 წუთის სავალზეა. ისეთ დასახლებებში, როგორიცაა, მაგალითად, კირაჩ მუღანლო, სადაც მისასვლელად რამენიმე საათია საჭირო, ვაქცინაციის პუნქტები ამ დრომდე არ გახსნილა და ჯერ არც იგეგმება.

წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის ტელევიზიის საეთერო დრო 7 600 ლარად შეიძინა. სახელისუფლო პარტიამ 6 750 ლარი დახარჯა მუნიციპალიტეტში 14 შტაბ-ბინის ფართის იჯარაზე.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით კი მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში კორონავირუსის ვაქცინაციის კამპანია სრულად მიივიწყა. სამირას აზრით, რეალური შედეგის მომცემი ვაქცინაციის კამპანია მარნეულში ჯერ ისევ არ დაწყებულა.

„ბევრ თემებთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც მერიას, ისე საკრებულოს აქვს შესაძლებლობა საკუთარი დეპუტატებისა და მერის წარმომადგენლების მეშვეობით, სოფლებში საინფორმაციო კამპანია გამართონ. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით საერთოდ არ აქტიურობენ. ჩვენ წინასაარჩევნოდ შევესწარით (არა მარნეულის მუნიციპალიტეტში) ვაქცინაციის ბანერის ჩამოხსნას და მის ადგილას „ქართული ოცნების“ კანდიდატის ბანერის გაკვრას, საერთოდ ბროშურებიც არაა დარიგებული, მხოლოდ მედია თუ გაავრცელებს ხოლმე ინფომაციას, მაგრამ ეს საკმარისი არაა“.

სამირა ბაირამოვა ამტკიცებს, რომ , ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისა და მაღალჩინოსნების ნაწილი არც თავად იცრება და არც საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მიიჩნევს საჭიროდ.

„უნდა ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს წინასაარჩევნო პროცესიც არ იყო ძალიან აქტიური, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის ეპიდემია და საჯარო მოხელეები მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ შეკრებისაგან, ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული და ისინი არ იცავდნენ წესებს. არ იყო დისტანცია, არ იყო პირბადე და, ზოგადად, ამ რისკებზე არ ფიქრობნენ. მათთვის მთავარი იყო, რომ შეხვედრაზე ყოფილიყო ბევრი ადამიანი. მოსახლეობა პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე „ქართული ოცნებისა“ და მაღალჩინოსნების მიერ მოთხოვნით გამოვიდა, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა სახელმწიფოსგან ელოდება მოთხოვნას, რომ ვაქცინა გაიკეთონ, ჩვენ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს და მმართველ პარტიას შეუძლია მოსახლეობამდე მისვლა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, რომ პარტია ამას არ აკეთებს“.

სამირა ბაირამოვას მოსაზრებას იზიარებს სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელი რაშან ზიადალიევი. ის ფიქრობს, რომ მარნეულში ვაქცინაციის კამპანიის წარმართვაში მუნიციპალიტეტმა საკმარისი რესურსი არ ჩადო. ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებში მარნეულში ათობით და ასობით ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ იქ ვაქცინაციის აუცილებლობაზე, როგორც წესი, არ საუბრობდნენ.

„ის ფაქტი, რომ იმართებოდა მასშტაბური შეხვედრები, დიდ გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ პროცესებზე მარნეულში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მარნეულში მრავალი სახის დეზინფორმაციაა გავრცელებული კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, როდესაც სხვადასხვა პარტია, მაგრამ ძირითადად „ქართული ოცნება“ მიდის მოსახლეობასთან და ატარებს შეხვედრებს, სადაც მონაწილეობს ათობით ადამიანი, არც დისტანციის დაცვითა და არც პირბადით. ეს, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს ზოგადად მოსახლეობის განწყობაზეც და ვირუსის გავრცელებაზეც. ქალაქ მარნეულშიც და სოფლებშიც ჩვენ ვხედავდით „ქართული ოცნების“ ბანერებს, მაგრამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე თვეებია მხოლოდ რამდენიმე ბანერს ვხედავთ“.

ზიადალიევი ამბობს, რომ ცენტრალური მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მოსახლეობამდე, მით უფრო არაქართულენოვან მოქალაქეებამდე ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიტანას.

„მაგალითად სადახლოში 200-მდე ადამიანთან ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ შეხვედრა, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ვაქცინაციაზე საუბარს მაქსიმუმ ერთი წუთი დაეთმო. „ქართულმა ოცნებამ“ ამ შეხვედრებზე იფიქრა მხოლოდ და მხოლოდ თავის გამარჯვებაზე და არა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“.

ადგილობრივ თვითმმართველობას და ცენტრალურ ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემია არჩევნების შემდეგ გაახსენდა. 20 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში გახსნილი ორი დამატებითი პუნქტიდან ერთში, სოფელ წერეთელში მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე „სინოფარმის“ პირველი დოზით აიცრა. თამარისისა და წერეთლის აცრის კაბინეტებში ვაქცინა სულ 38 ადამიანმა გაიკეთა. 2014 წლის აღწერის მიხედვით, ორივეგან 3590 მოქალაქე ცხოვრობს.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო ბანერებში, პლაკატებსა და მარნეულის წინასაარჩევნო კამპანიაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 20 000 ლარზე მეტი დახარჯა. გამარჯვებული მერი მოვალეობის შესრულებას 27 ოქტომბერს შეუდგება. მეხუთე ტალღის ფონზე მას ბევრ ადგილობრივ პრობლემასთან ერთად, პანდემიასთან გამკლავება მოუწევს. ჩვენთვის უცნობია, რას გეგმავს ახალი მერი ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად, რადგან ომაროვი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს. ამ ეტაპზე მერის მოვალეობის შემსრულებლისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით კი ახალო მომავალში, რამდენიმე დღით ვაქცინაციის პუნქტი სოფელ სადახლოში გაიხსნება. stopcov.ge-ს 18 ოქტომბრის მონაცემებით კორონავირუსით საქართველოში 9565 აუცრელი და 23 აცრილი ადამიანი გარდაიცვალა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია