„აკელიკის“ ცხრა თანამშრომელმა სასამართლოს ხელფასის აღების მოთხოვნით მიმართა
მარნეულსა და ბოლნისში წყალარინების სისტემების მშენებლობაზე დასაქმებულები უკვე რამდენიმე თვეა რაც კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ. დღეს, 6 დეკემბერს, დასაქმებულები მარნეულის მერიის წინ შეიკრიბნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელბთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ანაზღაურების მოთხოვნით მერიასთან შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, მათ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი დაჰპირდა, რომ დღეს შეხვდებოდა, მაგრამ მან პირობა არ შეასრულა.

აქციის დროს დასაქმებულებთან შესახვედრად მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძე გამოვიდა და მათ მერიის დიდ დარბაზში კომპანია „აკელიკ გრუპის“ წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრის ჩატარება შესთავაზა, მაგრამ იმ პირობით, რომ შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებოდნენ, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.

„პირდაპირ ეთერში თქვან რისი თქმაც უნდათ. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ისინი ჟურნალისტებს იმიტომ არ უშვებენ რომ არ უნდათ ხალხმა ინფორმაცია გაიგონ. ჟურნალისტების გარეშე აზრი არ აქვს ამათთან შეხვედრას. ბევრჯერ დაგვპირებიან, მაგრამ ანაზღაურება ჯერ კიდევ არ მიგვიღია“. - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს. კომპანიამ კუთვნილი ანაზღაურების გარეშე 300-მდე თანამშრომელი დატოვა. მათმა ნაწილმა სასამართლოს უკვე მიმართა.

„აკელიკ გრუპის“ მიერ დაზარალებულამ ცხრა მშრომელმა სასამართლოს კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით მიმართა.

„სასამართლოზე ვითხოვთ მშრომელების ამ ნაწილისთვის კუთვნილი ხელფასების ჩარიცხვას და ასევე პირგასამტეხლოს ჩარიცხვას ყოველი დაყოვნებული დღისათვის. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დღემდე კომპანიას ეს დავალიანება აქვს და არ ჩაურიცხავს გასამრჯელო თანამშრომლებისათვის. სასამართლომ სარჩელი მიიღო, წარმოება დაწყებულია. კომპანიას საქართველოში რეგისტრირებული ერთი დიდი უძრავი ქონება აქვს რომლის გასხვისებაც აეკრძალა დამატებით ასევე ჩვენ ინფორმაცია გვაქვს გამოთხოვილი კომპანიის სხვა აქტივების თაობაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში ეს აქტივები უზრუნველყოფის სახით გამოვიყენოთ. ახლა ველოდებით სასამართლოს. მოლოდინის რეჟიმში ვართ თუ უშუალოდ როდის დაიწყება არსებითი განხილვა და როდის მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“. - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა თათია კაჭარავამ

კაჭარავა ვარაუდობს, რომ სასამრთლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, რადგან სახეზეა აშკარა კანონდარღვევის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სასმართლო მხოლოდ 9 დასაქმებულის სარჩელს განიხილავს და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში მხოლოდ ამ 9 ადამიანის თანხები ანაზღაურდება. როგორც იურისტი ამბობს, მიუხედავად ამისა სხვა დასაქმებულებს კვლავ აქვთ სასამართლოსათვის მიმართვის და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია