მარნეულელი ქალებისათვის დასახლების კრებები კვლავ მიუწვდომელი და დახურულია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფის და მათი ჩაგვრის მრავალშრიანი აღწერის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისათვის კვლავ მიუწვდომელი და დახურული რჩება დასახლების საერთო კრებები, რომელიც პოლიტრიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი.

დასახლების კრებებთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში 17 ქალი იქნა გამოკითხული. 17 ქალიდან მხოლოდ ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ საერთო კრებებზე დადის და აქტიურად გამოთქვამს აზრს, ხოლო 15 მათგანი არასდროს ყოფილა სოფლის კრებაზე.

„ქალების ნაწილმა იცის ამგვარი მექანიზმის შესახებ, თუმცა თავად ვერასდროს მოახერხა ჩართვა, რამდენიმე მიზეზის გამო. ნაწილი ამბობს, რომ არასდროს იცის, თუ როდის ტარდება კრება. ერთ-ერთი აქტიური ქალი ამბობდა, რომ მუდმივად სურს ასეთ კრებაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მასთან კრების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არასდროს არ მიდის. მსგავსი გამოცდილება ჰქონდა რამდენიმე სხვა ქალსაც, თუმცა ზოგიერთ მათგანს სოფლის კრებებში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონია“. - აღნიშნულია კვლევაში

საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფისა და მათი ჩაგვრის მრავალშრიანი აღწერის შესაბამისად, მარნეულელი ქალების აზრი იყოფა იმ საკითხთან დაკავშირებითაც, იღებენ თუ არა კაცები ქალების საჭიროებების გათვალისწინებით გადაწყვეტილებებს. იმ შემთხვევაში, თუ სოფელში ძირითადი ინფრასტუქტურული პრობლემების მოგვარებაა გადაწყვეტილი, როგორიცაა გაზი, გზა, წყალი... ქალები თვლიან, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე თანაბრად აისახება, ხოლო ისეთ სოფლებში, სადაც ბაზისური ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე გაკეთებულია, გამოკითხული ქალების აზრით, კაცები არ განიხილავენ ბაღების პრობლემას, რაც ქალებს ძალიან აწუხებთ. ამის ნაცვლად კაცებმა შეიძლება რიტუალების სახლი ან კაფე მოითხოვონ. ამიტომ ქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ქალებსაც ჰქონდეთ თავიანთი წუხილის გამოხატვა-გახმაურებისა და მუნიციპალიტეტამდე მიტანის სივრცე.

„რამდენიმე რესპონდენტს აქვს განცდა, რომ სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება დემოკრატიული არ არის, მოჩვენებითად ტარდება და მათში მონაწილეობას აზრი არ აქვს. რამდენიმე რესპონდენტი ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს უკვე კრებამდე აქვთ გადაწყვეტილება მიღებული და მის გამართვას აზრი აღარ აქვს“. - აღნიშნული კვლევაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, ქალების პოლიტიკისაგან დისტანცირებულად ყოფნა და აზერბაიჯანულენოვან სოფლებში კრებების დროს პასიურობა უფრო მეტად თვითმმართველობის ბრალია, რადგან სოფლის კრებები ძირითადად მხოლოდ მოვალეობის შესრულების მიზნით ტარდება და მას რეალურად ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის ჩართვის მიზანი არ გააჩნია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია